აბსენტი

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: გასეირნება პრაღაში, სხვადასხვა | თარიღი: 11-07-2009

1

პრაღის ტურისტული ცენტრი სავსეა მაღაზიებით, რომელთა ვიტრინა გადავსებულია ათასგვარი ფორმის ჭურჭელში მოთავსებული მწვანე სასმელით. აბსენტი პრაღაში აკრძალული არ არის და ესეც ერათერთი ტურისტული სატყუარაა. სწორედ ამიტომ პრაღის ძველი ქუჩები დალევისა და ჰალუცინოგენური თრობის მოყვარული ამერიკელებისა თუ ევროპელების სასურველი ადგილია.

ბოჰემიის მხარეში (ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორია) ბოჰემური სასმელის გამოხდის დიდი ტრადიცია გააჩნიათ. აქაური 70%-იანი აბსენტი მზადდება ისეთი მცენარეების კომბინაციით, როგორიცაა აბზინდა, ანისული, კამის თესლი, ცერეცოს თესლი, პიტნა, ქინძი და სხვა. აბსენტის ეფექტი ძირითადად დამოკიდებულია მასში აბზინდის რაფინირებული (გამოხდილი) ზეთის ტუიონის შემცველობაზე.

ჩეხებს კვლავ ახსოვთ 1968 წელი

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები, სხვადასხვა | თარიღი: 27-06-2009

0

ამასწინათ რადიო ”პრაღამ” გამოაცხადა კონკურსი მსმენელთა შორის. მსმენელებს უნდა დაეწერათ ჩეხეთის ისტორიის რომელი მონაკვეთი იყო მათთვის ყველაზე საინტერესო. ექვსი რედაქციის მსმენელთა შორის გაიმარჯვა ფრანგმა, წარმოშობით ჩეხმა კლარა ჩეპოვამ (ფრანგულად: კლერ ლე ბრი-ჩეპ). საფრანგეთში ემიგრირებული ჩეხის შთამომავალმა ის დღე აღწერა, როდესაც ჩეხოსლოვაკიაში დაბრუნებაზე მეოცნებე ემიგრანტმა პრაღაში რუსების ტანკების შესვლის ამბავი გაიგო. აქვე გთავაზობთ მის წერილს რუსულ ენაზე.

ტანგო

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები | თარიღი: 22-06-2009

1

პრაღაში ტანგოს ფესტივალი After Alchemie 2009 გამართულა, “ჯღარომ” შემატყობინა “ფეისბუკზე”. პროგრამული კოდების წერაში კი მაგარია ეს კაცი, მაგრამ ბლოგზე სტატიის დაწერა ჯერ ვერ გაბედა და მე შემომთავაზა.

ფესტივალზე რომ ვყოფილიყავი ერთი–ორ სიტყვას დავწერდი, მაგრამ სად გადმოცემით დაწერილი და სად თავად ტანგოს ცეკვით მიღებული ემოციების აღწერა. ამიტომ მხოლოდ ფოტოებით შემოვიფარგლები რომლებიც “ჯღარომ” გადაიღო :)

ვაცლავ ჰაველი ბლუმბერგს რუსეთის ენერგოშანტაჟზე ესაუბრა

ავტორი: Lord Vader | თემა: სიახლეები, ცნობილი პრაღელები | თარიღი: 17-06-2009

3

დღეს “ბლუმბერგი” ჩეხეთის ყოფილ პრეზიდენტთან, მწერალ და დისიდენტ ვაცლავ ჰაველთან საუბარს აქვეყნებს.
საუბარი ძირითადად რუსეთის “ევროპული” და “სამეზობლო” და ევროპისა და აშშ-ს “რუსული” პოლიტიკის ირგვლივ წარიმართა.

ჰაველის აზრით, დროა ევროპამ და აშშ-მა ქმედითი ნაბიჯები გადადგან რუსეთის ენერგო-დამოკიდებულების შემცირებისკენ, რისთვისაც ალტერნატიული პროექტების განხორციელებაა საჭირო. ამგვარ პროექტთაგან უმნიშვნელოვანესად ჩეხეთის ექს-პრეზიდენტი “ნაბუკოს” მიიჩნევს.

“აუცილებელია ზრდილობიანად, მეგობრული ღიმილით განვაცხადოთ, რომ ჩვენ თავისუფალი ხალხები ვართ, – ამბობს ჰაველი, – ჩვენით მანიპულირების და შანტაჟის უფლებას არ მოგცემთ, ხოლო თუ თქვენ [რუსეთი] გვემუქრებით, რომ გაზის მოწოდებას შეგვიწყვეტთ, კი ბატონო – შეგიძლიათ, თქვენთვის დაიტოვოთ”.

პრაღა – Sensation White 2009

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები | თარიღი: 07-06-2009

0

შაბათ საღამოს, პრაღის ახალგაზრდობა ნამეტნავად თეთრად გამოიყურებოდა, მიზეზი მეგა საცეკვაო წვეულება Sensation White 2009. ”ოუთუ არენაზე” 20 ათასამდე თეთრი გოგო-ბიჭი შეიკრიბა. ოკეანის სიღრმეების ბგერების და საერთოდ იქაური გარემოს შექმნაზე, ფანტანებისა და მათ შორის მოცეკვავე გოგონების გარდა საქვეყნოდ ცნობილი დიჯეები ზრუნავდნენ. ოკეანის თემაზე შექმნილ კომპოზიციებზე თეთრი პრაღელები დიჯეებმა: ერიკ პრიდზმა (შვეცია), ტოკადისკომ (გერმანია), სებასტიან ინგროსომ (შვეცია), სანდერ ვან დორნმა (ჰოლანდია), აცეკვეს. მოკლედ მაგარი სანახაობა იყო :)

რადიო ”თავისუფლების” შენობა მუზეუმს გადაეცა

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები | თარიღი: 01-06-2009

1

პრაღის ცენტრში ვაცლავის მოედნის სათავეში მდგარი შენობა, რომელიც ადრე ჩეხოსლოვაკიის პარლამენტს ეკუთვნოდა, შემდეგ კი რადიო ”თავისუფლების” შტაბ-ბინა იყო, ეროვნულ მუზეუმს გადაეცა. ”თავისუფლება” ოდნავ მოშორებით, საკუთარ ახალ შენობაში გადასახლდა, ძველი შენობის გასაღები კი დღეს საზეიმო ვითარებაში მუზეუმის ადმინისტრაციამ ჩაიბარა.

დღესვე დაიწყო იმ ბეტონის კედლის დემონტაჟი, რომელიც 2001 წელს რადიოს უსაფრთხოების მიზნით აშენდა და რომელიც პრაღელების გაღიზიანების მიზეზი არაერთხელ გამხდარა. კედლის დემონტაჟი 11 ივნისისთვის დასრულდება და ირგვლივ როგორც საავტომობილო ასევე ფეხით მოსიარულეთა მოძრაობა გაიოლდება.

მუზეუმი თავის ახალ ობიექტს 15 აგვისტოს გახსნის, ხოლო პირველი ექსპოზიცია აქ 17 ნოემბერს გამოიფინება სიმბოლური დასახელებით Be Free! ის ეძღვნება ”რკინის ფარდის” დაცემისა და ხავერდოვანი რევოლუციის 20 წლისთავს.

ქართველი მხატვრები პრაღის ბიენალეზე

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები | თარიღი: 29-05-2009

1

რადიო ”თავისუფლება”, სალომე ასათაიანი

ორიოდე კვირის წინ, 14 მაისს, პრაღაში თანამედროვე მხატვრობის მასშტაბური გამოფენა – პრაღის ბიენალე – გაიხსნა. ამ ბიენალემ, რომელიც წელს მეოთხედ ტარდება, უკვე დაიმკვიდრა თავი ცენტრალური ევროპის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენად. წლევანდელი ბიენალეს ერთ-ერთ ექსპოზიციას ქართველი მხატვრების ნამუშევრები შეადგენს. 

პრაღის ბიენალეს ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ინდუსტრიული უბანი, კარლინი, მასპინძლობს. საკუთრივ გამოფენაც ძველი ქარხნის უზარმაზარ შენობაშია მოწყობილი. ინდუსტრიული, მძიმე კედლების და თანამედროვე მხატვრობის კომბინაცია უკვე თავისთავად ქმნის უჩვეულო და საინტერესო ატმოსფეროს. უფრო დაწვრილებით »

დევიდ ჩერნი ”პრორუსული” პრეზიდენტის წინააღმდეგ

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები | თარიღი: 21-05-2009

2

დევიდ ჩერნი და ჩეხეთის შემოქმედებითი საზოგადოების ნაწილი, დაახლოებით 100 ადამიანი, ”პრაღის ჰრადზე”, პრეზიდენტ ვაცლავ კლაუსის რეზიდენციასთან შეიკრიბა და თეატრალიზებული აქცია ”რატომ?” მოაწყო. ”ფისი-ფისი ბიჭების” და სხვა ორიგინალური ნამუშევრის ავტორს და მის თანამოაზრეებს არ მოსწონთ ჩეხეთის პრეზიდენტის ნამეტანი ”პრორუსულობა”.

ელცინის შემდგომ რუსეთთან კლაუსის ხანგრძლივი და განსაკუთრებული ურთიერთობებზე ამასწინათ ექსპრეზიდენტმა ვაცლამ ჰაველმაც მიანიშნა.  

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ჩეხეთის პრეზიდენტი ევროკავშირთან ცუდი ურთიერთობისა და ლისაბონის ხელშეკრულების მიმართ მისი დამოკიდებულების გამო გააკრიტიკეს. კლაუსს ასევე უსაყვედურეს მირეკ ტოპოლანეკისnonlinear distortion მთავრობის კრახის ხელშეწყობისა და მემარჯვენე ძალების დაქუცმაცების გამო.

რუდოლფ II – იმპერატორი, რომელსაც ლუდი ძლიერ უყვარდა

ავტორი: Lord Vader | თემა: სხვადასხვა, ცნობილი პრაღელები | თარიღი: 15-05-2009

2

რუდოლფ მეორე

რუდოლფ მეორე

რუდოლფ მეორე ჰაბსბურგი „საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორი, ბოჰემიის, გერმანიის, უნგრეთის მეფე და ავსტრიის ერცჰერცოგი ხელოვნების, ალქიმიისა და ლუდის დიდი მოყვარული გახლდათ.

ის 1552 წელს ვენაში დაიბადა, მადრიდში, ბიძამისის, ესპანეთის მეფე ფილიპე მეორის კარზე აღიზარდა და ცხოვრების დიდი ნაწილი პრაღაში გაატარა. რომის საღვთო იმპერიის სამეფო ტახტზე ასვლის შემდეგ, რუდოლფ მეორემ სამეფო რეზიდენიად პრაღა აირჩია და 1583 წლიდან „პრაჟსკი ჰრადში“ დასახლდა.

მისი მმართველობის დროს პრაღა ევროპის კულტურულ და სამეცნიერო ცენტრად იქცა. მხატვრები, მწერლები, მუსიკოსები მთელი მსოფლიოდან მიაწყდნენ პრაღას, სადაც მათ სრული შემოქმედებითი თავისუფლება და იმპერატორის მფარველობა ელოდათ. პრაღას აგრეთვე მიაშურეს ასტრონომებმა, ფილოსოფოსებმა, ქიმიკოსებმა და ალქიმიკოსებმა.

მარიხუანის ლეგალიზება

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები | თარიღი: 10-05-2009

2

იმ დროს, როდესაც თბილისში 10 ათასამდე კაცი პარლამნტის წინ პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვდა და ამაში ხედავდა საკუთარი პრობლემების გადაწყვეტას, პრაღაში დაახლოებით ამდენივე ადამიანი, ძირითადად ახალგაზრდობა შეიკრიბა. იქაურებმა პრეზიდენტს რას ვერჩითო და მარიხუანის ტოტალური ლეგალიზება მოითხოვეს.

პრაღულ დაბოლილ ოპოზიციურ მოძრაობაში ჩაერთო ჩემი კარგი ნაცნობი ”ჯღარო”. ის ოლემოუციდან მატარებლის კოლონას შეუერთდა და პრაღაში ცელოფნის საკანში არა, მაგრამ კაი მწვანე ფერდობზე კი ამოჰყო თავი. სწორედ მან მომაწოდა მარიხუანის სურნელით შებოლილი ეს ფოტოები და ვიდეოს გადაღებაც მოახერხა :)