რუსეთსა და ამერიკას შორის
ავტორი: Lord Vader | თემა: სიახლეები | თარიღი: 08-04-2010
2
ჩეხები ამერიკელებს უფრო დაუახლოვდნენ, თუმცა, ვერც რუსებისგან დაუღწევიათ თავი.
Rusko, nebo USA? Češi se cítí být součástí západu, ale vlivu východu neuniknou
ინტერნეტ-გამოცემა iHNed, 2010 წლის 7 აპრილი
ეს ანეკდოტი თუ გსმენიათ: რუსი, ამერიკელი და ჩეხი თვითმფრინავში სხედან. მათთან სტიუარდესა მიდის და ეკითხება:
- თქვენ სამნი ისევ აქ ხართ?
ამერიკელები დამოუკიდებელი ჩეხოსლოვაკიის სათავეებთან იდგნენ – დამოუკიდებლობის იდეასაც მათ დავესესხეთ. რუსებმა ჩეხოსლოვაკიის დიდი ნაწილი ნაცისტებისგან გაათავისუფლეს… გაათავისუფლეს და ადგილობრივი კომუნისტების დახმარებითა და, შემდეგ, საოკუპაციო ჯარის მეშვეობით 40 წელი მართავდნენ.
((თომაშ მასარიკმა ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაფუძნება 1918 წლის 18 ოქტომბერს, ვაშინგტონში გამოაცხადა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა პირველმა ცნო ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებლობა და ავსტრია-უნგრეთს ახალი ევროპული სახელმწიფოს აღიარება მოთხოვა – LV, “თომაშ მასარიკი”))
ჩეხები, ერთი შეხედვით, მონათესავე სლავ რუსებთან მეტ ახლობლობას უნდა გრძნობდნენ, მაგრამ პრაგმატულად ამერიკელებისკენ უფრო ისწრაფვიან. პატარა ერის ორ ბუმბერაზ ერთან (რომლებიც ერთმანეთს გვანან, თუნდაც, იმპერიული ძლევამოსილებით) შედარება, ალბათ, სასაცილოდ მოგეჩვენებათ, მაგრამ, მოდი მაინც შევეცადოთ.
ამერიკელები ყველას შენობით მიმართავენ. რუსებს თქვენობითი ფორმა ურჩევნიათ და მამის სახელსაც იშველიებენ, რაც ჩეხური “ბატონო”-ს (pan/pani) მსგავსია. ჩეხები, მეტწილად, თქვენობით ფორმას იყენებენ, მაგრამ ბოლო დროს შენობით მიმართვაც სულ უფრო მეტად ჩვეულებრივი ხდება.
ამერიკელები ჰოკეის თამაშობენ. რუსები ჰოკეის თამაშობენ. ჩეხებიც თამაშობენ ჰოკეის, თუმცა, ეს ბოლო ხანებია – არცთუ რიგიანად.
((ისე, ჩვენში დარჩეს და, ვეღარც რუსები წყვეტენ ვარსკვლავებს – LV))
თუ კარიერას და სამუსაოს წაადგება, ამერიკელები დაუფიქრებლად იცვლიან ადგილს, ქალაქს, მხარეს თუ ქვეყანას. რუსები ამას ვერ ეგუებიან – სოციალიზმის დროს ასეთი რამ საერთოდაც აკრძალული იყო. ჩეხებიც ამჯობინებენ ერთ ადგილას დამაგრდნენ, თუმცა, ხშირად ეს სიზარმაცის ბრალია და კიდევ იმის, რომ ჩვეული კომფორტი არ ეთმობათ.
ამერიკელები ერთ-ერთი ყველაზე მორწმუნე ერია მსოფლიოში. რელიგია ბევრი მათგანის ცხოვრების ნაწილია, ეკლესიაში სიარული – ჩვეული რიტუალი. ათეისტი ამერიკაში ლამის საზოგადოებისგანაა გარიყული. რუსებმა ეს-ესაა ხელახლა აღმოაჩინეს მათი მართლმადიდებლური ფესვები. ახლა ცდილობენ გაერკვნენ, სად აღმოჩნდნენ 100 წლის შემდეგ – რელიგია მათთვის საკუთარი რაობის ხელახლად განსაზღვრის გზაა. ჩეხები ეკლესიას ლამაზი პეიზაჟის ნაწილად უფრო აღიქვამენ, სადაც წელიწადში ერთხელ ოჯახთან ერთად საშობაოდ უნდა შეიარო ხოლმე. კათოლიკურ-პროტესტანტულ ბობოქარ წარსულს ჩეხების აწმყოზე ნაკლები გავლენა აქვს.
პირადი წარმატება ამერიკელთათვის ყველაზე მთავარია, ამასთან, ამერიკელებს წარმატების აწყვა უყვართ – ფულით, ნაყოფით ან საზოგადოებისთვის მოტანილი სიკეთით. რუსებისთვის მთავარი სტატუსია, ისეთი სტატუსი, რომლის საჯაროდ დემონსტრირებაა შესაძლებელი – მაგალითად, ბოლო მოდელის მდიდრული ავტომობილი. რუსები ეტრფიან სახელისუფლო სტატუსსაც. შეიძლება, არცთუ მდიდარი იყო, მაგრამ ძალაუფლება გქონდეს – სწორედ ამიტომაა, რომ რუსეთის მილიცია ახალწვეულთ ვერ აუდის. ჩეხები წარმატებულ ხალხს, ერთგვარად, ეჭვის თვალით უყურებენ, თუმცა, ამერიკელთა მსგავსად, მათთვისაც, პირველ ყოვლისა, პირადი მიღწევები ფასობს.
ჩეხებს და რუსებს სლავური ფატალიზმი გამოარჩევთ. სოციოლოგიური გამოკვლევებიდან აქტიურ, წარმატებაზე მომართულ ამერიკელებსა და ბედს მინდობილ ჩეხებსა და რუსებს ვხედავთ. Reuters-ის და Ipsos-ის გამოკვლევების თანახმად, ამერიკელთა 44 პროცენტი დარწმუნებულია უკეთეს მომავალში, მაშინ როდესაც რუსებსა და ჩეხებს შორის ოპტიმისტები მხოლოდ 29 და 25 პროცენტია.
მაგრამ თავისუფლების წყურვილი და ისტორიული იდეალიზმი ჩეხებს ამერიკელებთან აახლოებს. ამერიკელებმა თავიანთი იდეალებითა და თავისუფლების რწმენით დიდი წვლილი შეიტანეს დამოუკიდებელი ჩეხოსლოვაკიის დაფუძნებაში. 1989 წლის შემდეგაც ინგლისური ენის უამრავი ახალგაზრდა ამერიკელი პედაგოგი ჩამოვიდა ჩეხეთში და ჩეხ ახალგაზრდებს მრავალი კარი გაუღო მათ ქვეყანაშიც და მის გარეთაც.
“კულტურულ-ცივილიზაციური საფუძველი ჩვენ ამერიკელებთან გვაკავშირებს, მწარე გამოცდილება კი – რუსებთან”, – ამბობს ლიუბოშ დობროვსკი, რომელიც რუსებთან ერთად სკოლაში სწავლობდა და რუსეთში ელჩადაც მსახურობდა, ხოლო თავდაცვის მინისტრად ყოფნისას, ჩეხეთის არმია ამერიკულ რელსებზე გადაიყვანა და დასძენს, – “თუმცა, თუ პრეზიდენტმა ობამამ პოლიტიკა არ შეცვალა, მწარე გამოცდილებას ამერიკელებთანაც გავიზიარებთ”.
კულტურა:
ჩეხური თეატრი უფრო რუსების გავლენის ქვეშაა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ 60-იანებიდან ჩეხურ სცენაზე იდგმება არტურ მილერისა და ტენესი უილიამსის პიესები, ჩეხურ თეატრში რუსული კლასიკური პიესები უფრო ხშირია, რა თქმა უნდა, ანტონ ჩეხოვის თამადობით.
ჩეხური ტელევიზიისთვის “მოროზკო” და “აბა დამაცადე” ძველებურადვე ჰიტია, თუმცა კინოეკრანები უკვე ჰოლივუდს აქვს დაპყრობილი.
1989 წლიდან დაწყებული ჩეხური გამომცემლობები ამერიკულ და დასავლურ ავტორებს დაეწაფნენ. დღესაც ახალგაზრდა ამერიკელი ავტორი უფრო იოლად პოულობს გზას ჩეხი მთარგმნელისა და გამომცემლისკენ, თუმცა, გამომცემლობები რუს კლასიკოსებსაც – ტოლსტოის, დოსტოევსკის, ბუნინსა და ბულგაკოვს არ ივიწყებენ და ხელახლა უბრუნდებიან.
სპორტი:
ჩეხეთის სტადიონებზე ფეხბურთში რუსები ამერიკელებს პირწმინდად ამარცხებენ – ჩეხურ გუნდებში რუსი ფეხბურთელების რიცხვი ამერიკელებს 100%-ით სჭარბობს, ანუ – ერთია. ალექსანდრ პრუდნიკოვი “სპარტადან”. არც ერთ ამერიკელ ფეხბურთელს ჩეხეთში ფეხბურთი არ უთამაშია, თუმცა, კაცმა რომ თქვას, “სოკერი” ოკეანეს გაღმა არცაა პოპულარული.
გადატრიალების შემდეგ ჩეხურ გუნდებში ორი ამერიკელი ჰოკეისტი გამოჩნდა – პოპილი და ვეისი, თუმცა მათ რუსებიც მოყვნენ და რევოლუციის შემდეგ ჩეხეთის ლიგაში 50-მდე რუსი ჰოკეისტი თამაშობდა. ამჟამად ორნი დარჩნენ, სამაგიეროდ, ამერიკელების რიცხვმა იმატა – ამჟამად ისინი შვიდნი არიან. თავის მხრივ, ჩეხების დიდი ნაწილი NHL-ში თამაშობს, თუმცა, ბევრი მათგანი რუსულ КХЛ-შიცაა, მათ შორის – იარომირ იაგრი.
ჩეხურ კალათბურთში ამერიკელები დომინირებენ. უმაღლესი ლიგის 12 გუნდიდან მხოლოდ ორი გადის ფონს ამერიკელ მოთამაშეთა გარეშე. რუსების რიცხვი საგრძნობლად ნაკლებია.
განათლება:
ჩეხეთში 688 სკოლის მოწაფე და 2’256 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტია რუსეთიდან. მათ ჩეხეთი ევროპული დიპლომებით ხიბლავს. ამერიკელი 43 სკოლის მოწაფე და 189 სტუდენტი ამერიკული სასწავლებლების ჩეხურ ფილიალებში სწავლას ამჯობინებს.
26’688 ჩეხი სკოლის მოწაფე რუსულ ენას ეუფლება. ინგლისურ ენას ბევრად მეტი – 436’720 სწავლობს.
***
თარგმანი – ჩემია, მაგრამ რუსულიდან და ოდნავ შემოკლებული – LV

ამერიკა აშკარად ბობოქრობს ევროპის შუაგულში. ისტორიული სიძულვილი რუსების მიმართ ჩეხეთში ესე მალე არც ჩაქრება
გამარჯობათ. პირველ რიგში მომიტევეთ აქ რომ ვპოსტავ. როგორც ვიცი ჩეხეთში სწავლა უფასოა ჩეხურ ენაზე, დზალიან დამაინტერესა და მომწონს ეგ პროექტი. როგორ სემიძლია ამ პროექტში ჩავება და რა ჯდება დაახლოებით, ენის შემსწავლელი კურსი და განათლების მიღება. ეკონომიურის პირველი კურსის სტუდენტი ვარ და მაინტერესებს უნივერსიტეტთან თუა ეს რამე კავშირში.