რატომ ჰქვია “თამადა” პრაღაში მოქმედ ჩეხურ-ქართულ რესტორანს

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: ქართველები პრაღაში 2004 | თარიღი: 27-11-2004

8

audio clip (კახა მჭედლიძე, რადიო თავისუფლება, პრაღა) ვაგრძელებთ რეპორტაჟების ციკლს ”ქართველები პრაღაში” და ამჯერად ელგუჯა ჩოჩიას გაგაცნობთ. იგი თითქმის 3 წელია, რაც თავის ოჯახთან ერთად პრაღაში ცხოვრობს. მან თბილისი 1993 წელს აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ დატოვა, რადგან მისმა პატარა თბილისურმა ოჯახმა 12-მდე აფხაზეთიდან დევნილი შეიკედლა. ელგუჯა ჩოჩია, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად, საქართველოდან წასვლის შემდეგ მოსკოვში ცხოვრობდა და იქ ბატონმა ელგუჯამ მცირე ბიზნესიც გამართა. სამიოდე წლის წინ ის და მისი ოჯახი პრაღაში მოგზაურობამ ისე მოხიბლა, რომ აქ გადმოსვლა გადაწყვიტეს და ერთი წლის წინ ჩეხურ-ქართული რესტორანი ”თამადაც” გახსნეს. მინდა ამ რესტორანში მიღებული შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ.

[ისმის რესტორანში შესვლის ხმა]

“თამადაში” შესვლისთანავე გაოცებული დავრჩი იქ მყოფი ხალხის სიმრავლით. ყველა მაგიდა დაკავებული იყო და პირველი, რა კითხვაც გამიჩნდა, ეს იყო: ნუთუ ამდენ ხალხს – და თანაც, უმეტესწილად, ჩეხებს – ქართული სამზარეულო იზიდავს-მეთქი. თუმცა აღმოჩნდა, რომ საქმე სხვაგვარადაა. ”თამადა” მხოლოდ ქართული რესტორანი არ არის და იქ ხალხის სიმრავლე იმითაცაა გამოწვეული, რომ რესტორანს არ დაუკარგავს ძველი პროფილი. იგი ჩეხურ სამზარეულოსთან ერთად თავის ძველ კლიენტებს შედარებით იაფფასიან ლუდსა და ”ქანთრი” მუსიკასაც სთავაზობს.

[ელგუჯა ჩოჩიას ხმა] ”ამას უფრო შეიძლება ლუდხანა დავარქვათ, ამ დაწესებულებას. მართალია, დედაჩემი ხანდახან სასადილოს ეძახის…
… პროფილი შევინარჩუნეთ, არ გვინდოდა ჩვენი ჩეხი კლიენტურის დაკარგვა…”

ეს არის ელგუჯა ჩოჩია, ჩეხურ-ქართული რესტორნის, ”თამადის”, სულის ჩამდგმელი. მისი რესტორანი შეიძლება, პრაღის სტანდარტებით, მართლაც, წააგავდეს ლუდხანას, თორემ, თბილისურ რესტორნებთან შედარებით, მას ლუდხანას ძნელად თუ უწოდებ. ხოლო მენიუში ჩეხური და ქართული სამზარეულოს ერთმანეთთან შერწყმა კარგი მარკეტინგული მიგნებაა, რადგან მხოლოდ ქართული სამზარეულოს მქონე რესტორნებმა პრაღაში ვერ გაამართლა, რადგან მასზე არსებული მოთხოვნა და ხარჯები ერთმანეთს ამ ეტაპზე ვერ აბალანსებს.

მე ელგუჯა ჩოჩიასთან საუბრისას, უპირველეს ყოვლისა, იმით დავინტერესდი, თუ ვინ არის ქართული კერძების ძირითადი მომხმარებელი – ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მოქალაქეები თუ პრაღელები.
მან მითხრა, რომ ქართველების შემდეგ ჩეხები უფრო ინტერესდებიან ქართული კერძებით:

[ელგუჯა ჩოჩიას ხმა] ”თანაც ცდილობენ რამდენჯერმე მოვიდნენ, რომ სხვადასხვა კერძი გასინჯონ. დღეს შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ჩვენებურად გაკეთებული ლობიო ისეთი მოთხოვნით სარგებლობს, რომ თითქმის ყოველდღე გვაქვს პრობლემა, არ გვყოფნის ხოლმე. ხანდახან ჩემთვისაც არ რჩება ხოლმე. ასეა ხაჭაპურზეც.”

ქართული კერძები რომ პრაღელების დიდ მოწონებას იმსახურებს, ეს ჩოჩიას ოჯახის წევრებმა, რესტორნის სამზარეულოში მოფუსფუსე ქალბატონებმა, მარინამ და რუსუდანმა მითხრეს.

[ქალბატონების ხმა] ”ხშირად მოდიან ძალიან. თავიდან უჭირთ ჩეხებს, მაგრამ ვინც იცნობს, ხშირად მოდიან… – მაინტერესებს, არ გიჭირთ ქართული კერძების მომზადება? მაგალითად, ყველი ისეთი არ არის როგორიც საქართველოში… – არა, ჩვენ აქ შევარჩიეთ ყველაფერი ისე კარგად, რომ თითქმის 90 პროცენტი იგივეა. მთავარია, ქართველებს მოსწონთ, ესე იგი რახან ქართველებს მოსწონთ…” (სტილი დაცულია)

[ისმის ხმაური]

“თამადაში” ქართული კერძები, მართლაც, ხარისხიანია და სამშობლოს მონატრებულ ქართველებს გულის მოოხების კარგ საშუალებას აძლევს; ასევე აქ, პრაღაში, საქართველოს პოპულარიზების საქმეშიც თავისი მოკრძალებული წვლილი შეაქვს.

მე ბატონ ელგუჯას ისიც ვკითხე, თუ რატომ მაინცდამაინც ”თამადა” დაარქვა ჩეხურ-ქართული შერეული სამზარეულოს მქონე რესტორანს.

[ელგუჯა ჩოჩიას ხმა] ”ერთი მსახიობი მოვიდა ჩეხი და მითხრა, რომ 80-იან წლებში ყოფილა პრაღაში ქართული რესტორანი “თამადა”, რომელიც შემდეგ გარკვეული მიზეზების გამო დახურულა. და თუ ვინმე იცნობს ქართულ კერძებს, ამ რესტორნის სახელით იცნობსო. კარგი იქნება ამ სახელს თუ აღადგენთ – ვინც იცოდა, გაიხსენებს და ვინც არა, ჩვენ ავუხსნითო…”

მართლაც, ბევრი უცხოელი თუ ადგილობრივი იხსენებს საქართველოს “თამადაში” მომზადებული ქართული კერძების დაჭაშნიკების შემდეგ და ქართული სიმღერების მოსმენის სურვილსაც ხშირად გამოთქვამენ ხოლმე.

[ელგუჯა ჩოჩიას ხმა] ”რამდენიმე ჩეხმა სულიკოს ჩაწერაც გვთხოვა. რა თქმა უნდა, გადავუწერეთ და გავატანეთ…

[სულიკო]

კომენტარი (8)

ამასწინათ მითხრეს, რომ პრაღაში რესტორანი ”თამადა” დაიხურა. სამწუხაროდ მისი წინამორბედების ბედი გაიზიარა.

პრაღაში მოქმედებს და კარგად მოქმედებს, კაფე, თუ ბარი, არ ვიცი, რა ვუწოდო, მოკლედ ადგილი, სადაც ქართული კარგი კერძებია და ღვინოც. საქართველოდან ჩამოსულებს ვერაფრით გააკვირვებ ამ სფეროში, მაგრამ უცხოეთში მცხოვრებთ, ეს ადგილი სახელად ¨უ ირმი”, ანუ “ირმასთან” ახარებს. იქვეა კარლის ხიდთან, ქუჩას ჰქვია Karoliny Svetle. კაფე “დუენდეს” წინაა. მთელი ღამე ღიაა…

ოქრო, ძალიან მაგარი ადგილია, სამწუხაროდ ირმას რესტორანი პრაღის რუკაზე არაა დატანილი, ”დუენდე” ვიპოვე და მაგით მივხვდი სადაცაა.

რაღაც აკლია ალბათ ქართულ რესტორნებს საზღვარგარეთ. პრაქტიკულად ყველგან ადრე თუ გვიან კოტრდებიან… ნუ ახლა დიდი რუსეთი ერთადერთი გამონაკლისია, ალბათ :)

დუენდე რატო – რა ლორკა დადიოდა იქ ლუდის დასალევად? :)

sxvaTaSoris restorani “u irmi” daRestneli qalbatonis gaxlavT. Cven rom vewvieT maSin axali gaxsnili iyo. Cexma oficiantma gviTxra “icis qarTvelebi rom xarT da Zalian nerviulobso”. Aanu es qalbatoni restornis patroni da Sef-mzareulic TviTon yofila. aWarul xaWapurs ara uSavda, faqtiurad sxva rac gavsinjeT yvelaferi normalur doneze iyo, ase rom oficiants vuTxariT “yvelaferi aJurSia” Tqo…aba anerviulebuli mzareulis mier gakeTebuli saWmeli namdvilad ar gvindoda migveRo

სხვათაშორის რესტორნის მფლობელი ქალბატონი ირმა ქართველია და თანაც თბილისელი. რაც შეეხება მზარეულობას, ახლა ამ საქმით ქართველი მზარეულები არიან დაკავებული. მშვენიერი საცივი და ხაჭაპური იყო ამ ბოლო დროს.

ვეღარგავიგე, დაიხურა თუ მუშაობს კვლავ?

ალექსანდრე, დაიხურა მაგ რესტორანი კაი ხანია. ახლა მუშაობს სხვა ქართული რესტორანი სახელმწოდებიტ “U Irmy” აგე აქ წერია მაგის შესახებ: http://www.mypraha.info/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C/

დაწერეთ კომენტარი

*
To prove you're a person (not a spam script), type the security word shown in the picture. Click on the picture to hear an audio file of the word.
Click to hear an audio file of the anti-spam word