“პატარა, შორეული ქვეყანა, რომლის შესახებ არაფერი გაგვიგია…”

ავტორი: Lord Vader | თემა: პრაღის შესახებ | თარიღი: 03-10-2008

3

სწორედ ასე დაახასიათა ინგლისის (გაერთიანებული სამეფოს) პრემიერ-მინისტრმა ნევილ ჩემბერლენმა ჩეხოსლოვაკია, როდესაც 1938 წელს ჰიტლერს სუდეტის ოლქის ანექსიაზე შეუთანხმდა.

მესამე რეიხის პრეტენზიები ჩეხოსლოვაკიის შემადგენლობაში მდებარე სუდეტის ოლქზე „გამყარებული“ იყო ყველა იმ „არგუმენტით“, რომელიც დღეს რუსეთის მხრიდან გვესმის აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მიტაცების დასასაბუთებლად – მათ შორის საკუთარი მოქალაქეების მითიური საფრთხისგან დაცვის უფლებით – 1938 წელს ამ არგუმენტებმა გაჭრა.

თუმცა, თავდაპირველად ასე სულაც არ ჩანდა. ჩეხოსლოვაკიას კარგად შეიარაღებული, კარგად გაწვრთნილი 800-ათას კაციანი არმია ჰყავდა. ამასთან, ჩეხოსლოვაკია ერთა ლიგის წევრი იყო. ფორმალურად ერთა ლიგა კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპებზე იყო აგებული – ანუ მის წევრებს ერთურთის აგრესიისგან დაცვის ვალდებულება ჰქონდათ აღებული. მეტიც, ერთა ლიგის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი ედუარდ ბენეში იყო.

მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. კონრად ჰაინლაინის სეპარატისტულმა „სუდეტის გერმანელთა პარტიამ“ (SdP) (რომელსაც 1935 წლის არჩევნების შემდეგ ხელისუფლება ეპყრა ოლქში) 1938 წლის სექტემბერში ჩეხოსლოვაკიისგან გამოყოფა გამოაცხადა. SdP-ს რაზმებმა სუდეტის ოლქში ასამდე ტერორისტული აქტი და პოლიტიკურ ოპონენტთა მკვლელობა განახორციელეს. ამას მოჰყვა პუტჩის მცდელობა და ოლქში ჩეხოსლოვაკიის არმიის ნაწილების შესვლა. SdP-ს ლიდერებმა გერმანიას შეაფარეს თავი. ჰიტლერმა ჩეხოსლოვაკიას სუდეტიდან ჯარის გაყვანისა და ამ ტერიტორიის დათმობის ულტიმატუმი წაუყენა, ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტმა ბენეშმა ეს მოთხოვნა უარყო და მობილიზაცია გამოაცხადა. ამავე დროს, ჩეხოსლოვაკიის დასახმარებლად, საფრანგეთმაც გამოაცხადა ნაწილობრივი მობილიზაცია.
მაგრამ ჰიტლერმა ფარული იარაღი აამოქმედა – მშვიდობის მტრედი და „რეალპოლიტიკის“ მამა ნევილ ჩემბერლენი. სექტემბრის განმავლობაში ის რამდენჯერმე ეწვია ჰიტლერს, ჯერ ბერხტესგადენში, შემდეგ გოდესბერგში და ბოლოს მიუნხენში.

პირველივე შეხვედრის დროს, 1938 წლის 15 სექტემბერს, ჩემბერლენმა განაცხადა, რომ პირადად ის აღიარებს სუდეტის გამოყოფის უფლებას, მაგრამ ამ გეგმის მშვიდობიანი ხორცშესხმისთვის საჭიროა ბრიტანეთის მთავრობის წევრთა და ასევე საფრანგეთის ხელისუფლების გარკვეული წინააღმდეგობის გადალახვა. ჰიტლერი მას დაპირდა, რომ მოიცდიდა და, ამით, პრობლემის მშვიდობიან მოგვარებას შეუწყობდა ხელს.
უნდა ითქვას, რომ, მიუხედავად ომახიანი განცხადებებისა, მესამე რეიხი იმხანად ომისთვის ჯერ მზად არ იყო. ამაზე ჰიტლერს თავად გენერალი ბეკი, გერმანიის გენშტაბის იმჟამინდელი თავმჯდომარე აფრთხილებდა. იმავე აზრის იყო სამხედრო დაზვერვის („აბვერის“) ხელმძღვანელი ადმირალი კანარისი. გერმანიის მოკავშირე მუსოლინი ომში ჩართვას ასევე არ აპირებდა.

1938 წლის 4 სექტემბერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბონემ განაცხადა, რომ საფრანგეთი უკან არ დაიხევდა, თუკი გერმანია ჩეხოსლოვაკიას დაესხმებოდა თავს და იმედი გამოთქვა, რომ აშშ ამ გადაწყვეტილებაში საფრანგეთს მარტო არ დატოვებდა. საფრანგეთში აშშ-ის ელჩმა ბულიტმაც დაადასტურა, რომ „აშშ და საფრანგეთი ერთად არიან მშვიდობასა და ომში“, მაგრამ ამას მოჰყვა პრეზიდენტ რუზველტის მკაცრი განცხადება, იმის თაობაზე, რომ „ასი პროცენტით მცდარია“ ის აზრი, რომ აშშ უერთდება ანტი-ჰიტლერულ ბლოკს. ამან საბოლოოდ განსაზღვრა საფრანგეთის პოზიციის ცვლილება და მასთან, ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიული მთლიანობისა და, საბოლოოდ, მსოფლიოს მომავალი ბედიც.

ლონდონში დაბრუნებულმა ჩემბერლენმა „მშვიდობიანი“ გეგმა საკუთარი მთავრობის წევრებს გააცნო. გეგმა მოიწონეს. ჩემბერლენს არც საფრანგეთის ხელისუფლების დასაყოლიებლად დასჭირვებია დიდი დრო.

1938 წლის 28 სექტემბერს ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტ ბენეშს დეპეშა გადასცეს, რომელიც პრაქტიკულად ულტიმატუმის ფორმით ითხოვდა ჩეხოსლოვაკიისგან სუდეტის ოლქის დათმობას. „გერმანიის არმია ბოჰემიას დაიკავებს და ვერც ერთი და ვერც რამდენიმე სახელმწიფო ერთად, ვერაფერს იღონებს თქვენი ხალხისა და თქვენი ქვეყნის გადასარჩენად“ – ამ დეპეშას ხელს აწერდა არა ჰიტლერი, არამედ ჩეხოსლოვაკიის მოკავშირე ინგლისის პრემიერი ნევილ ჩემბერლენი.

1938 წლის 30 სექტემბერს ოთხი ევროპული ქვეყნის – ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის და იტალიის – ლიდერებმა (ჩეხოსლოვაკიის მონაწილეობის გარეშე) გააფორმეს მიუნხენის შეთანხმება, რომლის ძალითაც სუდეტის ოლქი გერმანიას გადაეცა. მაგრამ ამით ჩეხოსლოვაკიის დაყოფა არ დამთავრებულა – უნგრეთმა და პოლონეთმაც არ გაუშვეს ხელიდან მომენტი და ჩეხეთის და სლოვაკეთის ტერიტორიების ნაწილი მიითვისეს. 1939 წელს კი იმან, რაც ჩეხოსლოვაკიისგან დარჩა, ფორმალურადაც შეწყვიტა დამოუკიდებელი არსებობა – ქვეყანაში მესამე რეიხის პროტექტორატი გამოცხადდა.

როგორც 1938 წლის 1 ოქტომბრის „გარდიანი“ წერდა, მიუნხენიდან სამშობლოში დაბრუნებულ ჩემბერლენს ყვავილებითა და ოვაციებით შეხვდნენ. მეფე ედუარდ VIII-მ მას წარმატება მიულოცა. პატარა, შორეული ქვეყნის ბედი არვის აღელვებდა. ბეკინგემის სასახლესთან შეკრებილნი რამდენიმე წუთის განმავლობაში გაჰყვიროდნენ „ნევილ!“ „ნევილ!“ „ამ ადამიანის წყალობით, ჩემი შვილი ცოცხალი დარჩება“, – შესძახა ვიღაცამ.
იმ ღამეს ლონდონელებმა ტკბილად დაიძინეს.
1940 წლის სექტემბერში ისინი „ლუფტვაფეს“ ბომბებმა გამოაღვიძეს.

© Lord Vader

P.S. ძალიან კარგი წერილი დღევანდელი რუსეთისა და ნაცისტური გერმანიის მსგავსებაზე გამოაქვეყნა ცნობილმა რუსმა მოაზროვნემ («Что, Где, Когда»-ს ვეტერანმა) და СПС-ის (აწ უკვე უდროოდ გარდაცვლილი პარტიის) პოლიტიკური საბჭოს წევრმა ალექსანდ ბიალკომ.
С первым аншлюсом вас, дорогие россияне!

კომენტარი (3)

პრაღაში 28 სექტემბერს გაიხსნა ექსპოზიცია, რომელზეც გამოფენილია მაგ ხელშეკრულების დედნი. ის ჩეხებმა გერმანიასთან დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ ინათხოვრეს დროებით. იმედი მაქვს ჩემი ჩასვლის მომენტისთვის ისევ იქნება ექსპოზიცია, უნდა ვნახო აუცილებლად :)

ჰოდა რო ნახავ მერე… National Treasury-1 ხომ გაქვს ნანახი? :)

ისე ამ წერილზე რომ ვეძებდი მასალებს აი ესეთ ინფორმაციასაწ წავაწყდი:
“Hitler’s Desk Set Used in Munich Pact to Be Auctioned September 30
This Tuesday bidders worldwide will have an unprecedented opportunity to obtain a piece of history previously held by only two owners: a U.S. Army WWII veteran, and before him, Adolf Hitler. The time limit for all bids is 5PM,CDT, OCTOBER 14, 2008 (!!!)”
ანუ ჯერ დრო არის :)

http://www.munipact.com/about.htm

[...] ფორმანი და ვაცლავ ჰაველი მიუნხენის შეთანხმების შესახებ ფილმის გადაღებას აპირებენ. [...]

დაწერეთ კომენტარი

*
To prove you're a person (not a spam script), type the security word shown in the picture. Click on the picture to hear an audio file of the word.
Click to hear an audio file of the anti-spam word