კარელ ჩაპეკი
ავტორი: Lord Vader | თემა: ცნობილი პრაღელები | თარიღი: 29-11-2007
3
შესანიშნავი ჩეხი პროზაიკოსი. დაიბადა 1890 წლის 1 იანვარს ბოჰემიის პატარა ქალაქ მალე-სვიატონოვიცეში (იმ დროისთვის ავსტრია-უნგრეთის იმპერია), სადაც მამამისი ექიმად მუშაობდა.
სწავლობდა პრაღის, ბერლინის და პარიზის უნივერსიტეტებში. 1915 წელს დაამთავრა პრაღის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და საბოლოოდ დასახლდა პრაღაში. მუშაობდა როგორც პედაგოგი, ჟურნალისტი. 1908-16 წლებში გამოსცა მოთხრობების რამდენიმე კრებული. ამ პერიოდში გამოცემულ ნოველათა დიდი ნაწილის თანაავტორია მისი ძმა, იოზეფი. ძმების თანამშრომლობა შემდგომ წლებშიც გრძელდებოდა – იოზეფ ჩაპეკი, ცნობილი ჩეხი მხატვარი, ძმის წიგნების გამფორმებლად მუშაობდა.
1920 წელს გამოცემულმა ფანტასტიკური ჟანრის პიესამ ”R.U.R.” (”როსუმის უნივერსალური რობოტები”) მსოფლიო აღიარება მოუტანა – სიტყვა ”რობოტი”-ს ავტორობა სწორედ კარელ ჩაპეკს მიეწერება, თუმცა თავად მას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ეს სიტყვა ძმამ, იოზეფმა მოიგონა. ნაწარმოები არაერთხელ დაიდგა მსოფლიოს მრავალ სცენაზე. არსებობს მისი რამდენიმე ეკრანიზაცია, მათ შორის ჰოლივუდური, სპენსერ თრესით ერთ-ერთი რობოტის როლში. ამერიკულ ანიმაციურ სერიალში ”ფუტურამა” (1999-2003 FOX TV, პრემია”ემი”) რობოტებით დასახლებული პლანეტა ჩაპეკის სახელს ატარებს.
1936 წელს გამოცემული ფანტასტიკური ჟანრის ანტი-უტოპია – ”ომი სალამანდრებთან” ჩაპეკის კიდევ ერთი მსოფლიო ბესტსელერია.
საკუთრივ ჩეხეთში ჩაპეკი განსაკუთრებით პოპულარულია როგორც არაერთი იუმორისტული მოთხრობის (კრებული -”მოთხრობები ორი ჯიბიდან”), სატირული პამფლეტის, ფსევდო-ისტორიული ანეკდოტების ავტორი. მასვე ეკუთვნის ფილოსოფიური ზღაპრები ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის. ქართული ფილმი ”რეკორდი” ჩაპეკის მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული.
ევროპაში ნაცისტური იდეების აღზევებასთან ერთად კარელ ჩაპეკი სხვა ჩეხ მოღვაწეებთან ერთად ცდილობდა ევროპული ქვეყნების შემოკრებას ჩეხოსლოვაკიის დასაცავად. 1937 წელს მისი მეგობრის, ჩეხოსლოვაკიის პირველი პრეზიდენტის ტომაშ მასარიკის გარდაცვალებისა და ჩეხოსლოვაკიაში ნაცისტური პარტიების გააქტიურების ფონზე, დაიწყო ჩაპეკის და სხვა აინტი-ნაცისტი მოღვაწეების დევნა.
1938 წელს დადებულმა ე.წ. ”მიუნხენის შეთანხმებამ” ჩაპეკი საბოლოოდ დაარწმუნა დამოუკიდებელი ჩეხოსლოვაკიის მოახლოებულ დასასრულში, მან მიატოვა პრაღა და ქალაქგარეთ გადასახლდა. 1938 წლის ნოემბერში (მესამე რაიხის ჯარების მიერ პრაღის დაკავებამდე 4 თვით ადრე) ჩაპეკს ლონდონელი ჟურნალისტის სახით ეწვია ინგლისის დაზვერვის რეზიდენტი ესკვაიერი, რომელმაც შესთავაზა ლონდონში ემიგრაცია და თანამშრომლობა გაზეთ ”თაიმსთან”, მაგრამ ჩეპეკმა უარი განაცხადა. ”ვიცი, რომ კარგი არაფერი მელის, – თქვა მან, – მაგრამ, არც თქვენ. ეს იცოდეთ. მე ამის ნახვა არ მსურს. ყველაფერი ყელში ამომივიდა… მოდით, სხვა რამეზე ვისაუბროთ.”
იმავე წლის 25 დეკემბერს, შობა დღეს კარელ ჩაპეკი გარდაიცვალა. დამარხეს პრაღის ვიშეგრადის სასაფლაოზე. მისი ძმა იოზეფი საკონცენტრაციო ბანაკში გარდაიცვალა.
ჩეხეთში კარელ ჩაპეკის 2 მუზეუმია.
© Lord Vader

ორივე ცნობილ პრაღელს ძალიან დიდ პატივს ვცემ.
ჯერ სადა ხარ
Karel Chapekis iumoristul motxrobebs didi xnis cin vkitxulobdi.exla kidev ufro didi siamovnebit gadavikitxav