მეცხრე დღე
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები | თარიღი: 20-10-2008
0
ფანტასტიური ამინდია, სითბო და მოწმენდილი კამკამა ცა, საუკეთესო ვითარებაა პანორამული ფოტოების გადასაღებად. პეტრინის კოშკზე (ეიფელის მსგავს კოშკზე) ასვლა გადავწყვიტე, მაგრამ ფუნიკულიორი სარემონტო სამუშაოების გამო, დახურული დამხვდა და გორაზე ფეხით ასვლას უკან გაბრუნება ვარჩიე. ”უეზდიდან” ფეხით გავუყევი ”ლეგიონის ხიდისკენ” (Most Legií) მიმავალ ქუჩას. ხიდის ამჟამინდელი სახე 1901 წელს ჩამოყალიბდა. საშენ მასალად ძირითადად გამოყენებულია ქვა. ეს ”ლეგიონის ხიდი” ვლტავის შუაგულში მოთავსებულ ”შტრელეცკი კუნძულს” მდინარის ორივე ნაპირთან აკავშირებს. სწორედ ამ შტრელეცკის კუნძულზე ჩასვლა და შესვენება გადავწყვიტე, თუმცა შესვენება ნაკლებად გამომივიდა რადგან უამრავი ლამაზი კადრი აღმოვაჩინე.
ერთ დროს შტრელეცკის მსგავსი ”მადათოვის კუნძული” მტკვარსაც ამშვენებდა და მას თბილისის მარჯვენა სანაპიროსთან ახლანდელი მშრალი ხიდი აკავშირებდა.
