მეორე დღე
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: გასეირნება პრაღაში | თარიღი: 13-10-2008
0
ეს მოკლე ვიდეო დღევანდელი გასეირნების შესახებ.
დილა ტინსკაზე ნისლიანი და ცივი იყო, მიუხედავად ამისა სტარომესტკაზე მაინც ბლომად ტურისტი ირეოდა. ამ ბრბოს გვერდის ასაქცევად მოედანის გვერდითა ქუჩით შემოვლა გადავწყვიტე და იმ ვიწრო ქუჩაზე ერთ ტაძარი შევამჩნიე. ხალხის სიმცირის გამო შესვლა გადავწყვიტე და გარედან ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ კათოლიკურ ტაზარში ულამაზესი ინტერიერი, მხატვრობა და ორღანი აღმოვაჩინე. წმინდა იაკობის ტაძარი (Kostel svatého Jakuba) მეცამეტე საუკუნეში აუგიათ, მეფე ვაცლავ პირველის ინციატივით. ამჟამინდელი ტაძარი შედგება რამდენიმე ეკლესისა და მონასტერისაგან.
საუკეთესო ორღანის გარდა ეს ტაძარი ცნობილი ყოფილა მრავალი ლეგენდით. ერთერთის მიხედვით, ლოცვის შემდეგ ღამით ტაძარში დარჩენილ ქურდებს ძვირფასეულობა მოუპარავთ და ეკლესიიდან გასვლისას ერთერთი მათგანის ხელი ხის კარებს დაუჭერია. თანაც ისე რომ ქურდი დილამდე წვალობდა თავის დაღწევას. მისი ხელი ახლაც კიდია ტაძრის შესასვლელში, მოკვდავთათვის ათი მცნებიდან ერთერთის შესახსენებლად.
ერთი-ორი მაღაზიის მონახულების შემდეგ სადც ბევრი ვერაფერი ვნახე საკბილო კარლოსის ხიდს მივადექი. ამ ხიდის ისტორიის მოყოლას აღარ შევუდგები, მის შესახებ ამ ბლოგის გახსნისას დავწერე: http://www.mypraha.info/karlov-most/
ერთს ავღნიშნავ მხოლოდ, ხიდზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. შუაგულამდე ქვაფენილის საფარი აყრილია, ხიდის კედლებსაც შლიან, ქვებს ნომრავენ და შემდეგ თავის ადგილას მკვრივი ცემენტით ამაგრებენ. ის ქვა რმელიც უკან დასაბრუნებლად აღარ გამოდგება ახლით იცვლება. ხიდის ახალი ქვაფენილი ახალი ბეტონითა და არმატურით გამაგრებულ ზედაპირზეა დაფენილი. თანაც ზედაპირი საკმაოდ ქვევითა ჩაწეული. ამით მოაჯირი უფრო ამაღლდა და სავარაუდოდ ხიდიც შემსუბუქდა ზედმეტი ქვიშისა და სახვა მასალებისგან. კარლოსის ხიდის ამ განახლების პროცესით მის ისტორიულ და ტურისტულ მნიშვნელობას მისხალიც არ დაჰკლებია. ხიდზე კვლავაც ტევა არ არის კამერებმომარჯვებული ტურისტებისა.
კარლოსის ხიდის მეშვეობით გადავედი ”მალოსტრანსკიე ნამესნიზე”. აქ წმინდა ნიკოლოზის (Kostel svatého Mikuláše) ეკლესიაა. ეკლესია განთქმულია თავისი ორღანით რომელზეც მოცარტი უკრავდა. ტაძრის გუმბათის შემხედვარემ შეუძლებელია ვერ შეამჩნიოს საქართველოს დროშა. ტაძრის წინ მდებარე შენობაში საქართველოს საელჩოა.