კარელ I – იმპერატორი, რომელსაც პრაღა ძლიერ უყვარდა

ავტორი: Lord Vader | თემა: სხვადასხვა, ცნობილი პრაღელები | თარიღი: 14-05-2008

3

შარლ IV იმპერატორი კარლ IV ლუქსემბურგელი (იგივე შარლ IV, იგივე კარელ I, იგივე ვენცესლასი, იგივე ვაცლავი) იყო იმპერატორ იოანე ლუქსემბურგელის, იგივე იოანე ბრმის – ლუქსემბურგის ჰერცოგის, ბოჰემიისა და პოლონეთის მეფის ((თემო ჩირგაძის ცნობილი გმირისა არ იყოს, მომკლავს ეს ორ-ორი კი არა და ხუთ-ხუთი სათაურები…)) უფროსი ვაჟი. დაიბადა პრაღაში 1316 წლის 14 მაისს. შვიდი წლის ასაკიდან იზრდებოდა ბიძამისის, საფრანგეთის მეფის შარლ IV კაპეტინგის კარზე, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა ფილოსოფია, ლიტერატურა, არითმეტიკა, ასტრონომია, ისტორია, საღთო სჯული (მის მასწავლებელთა შორის იყო მომავალი პაპი კლემენტ VI – ამ მოკავშირეობამ მომავალში დიდად შეუწყო ხელი კარლ IV-ის ძალაუფლების განმტკიცებას), ლათინური, ფრანგული და ჩეხური ენების გარდა თავისუფლად ფლობდა ასევე გერმანულს და იტალიურს. ამავე დროს, როგორც ჩანს, მომავალი იმპერატორი არა მხოლოდ სწავლით იყო დაკავებული – პარიზში ის დაუახლოვდა და დაქორწინდა ვალუას ჰერცოგინია ბლანშზე (როგორც ცნობილია, ვალუებმა საფრანგეთის სამეფო ტახტზე კაპეტინგების დინასტია შეცვალეს – ბლანში მეფე ფილიპე VI ვალუას ნახევარდა იყო).


1343 წლის 11 ივლისს, მას შემდეგ რაც პაპმა გერმანიის მეფე და საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი ლუდვიგ ბავარიელი ეკლესიიდან განკვეთა, კარლ ლუქსემბურგელი რომის მეფედ ეკურთხა. თუმცა, მისი ძალაუფლება იტალიაში, თავდაპირველად, ერთობ მოკრძალებული იყო – ქალაქების დიდი ნაწილი კვლავ ლუდვიგს ემორჩილებოდა (როგორც ხედავთ, ჩეხურ-ბავარიულ დაპირისპირებას ხანგრძლივი ისტორია აქვს და მხოლოდ საუკეთესო მელუდის ტიტულის ირგვლივ ქიშპობით არ შემოიფარგლება).

1346 წელს პრინც კარლს პირველი სერიოზული სამხედრო და პოლიტიკური გამოცდის გადატანა მოუხდა – საფრანგეთის მეფის, ფილიპე VI -ის მხარდამხარ, ის ინგლისის მეფე ედუარდს III-ეს და მის ვაჟს, უელსისი პრინც ედუარდს („შავ პრინცს“) კრესის (ანუ ჩეხურ მატიანეში კრესიჩის) ბრძოლაში დაუპირისპირდა. ამ ბრძოლაში ფრანგულ-ჩეხური არმია სასტიკად დამარცხდა, პრინცი კარლი დაიჭრა, ხოლო მისი მამა, იოანე ბრძოლის ველზე დაიღუპა – მემატიანემ შემოგვინახა იოანე ლუქსემბურგელის შეძახილი – „ღვთის მადლით, ისეთი რამ არასდროს მოხდება, რომ ჩეხეთის მეფე ბრძოლის ველიდან გარბოდეს!“

ამის შემდეგ პრინცმა კარლმა კარელ პირველის სახელით ბოჰემიის სამეფოს ტახტი დაიკავა, ხოლო შემდეგ გერმანიის ტერიტორიაზე შევიდა და ბონში ლუდვიგ ბავარიელს განდგომილი თავადებისა და პაპ კლემენტის მხარდაჭერით გერმანიის იმპერატორადაც ეკურთხა. ამის შემდგომ მან ბავარიისკენ განაგრძო სვლა, მაგრამ სანამ მისი არმია ბავარიას მიაღწევდა, იმპერატორ ლუდვიგს ნადირობისას უეცარი გულის შეტევა დაემართა, ის ცხენიდან ჩამოვარდა და დაიღუპა.

თავისი სხვა ნაკლებად საშიში მტრები – მოჯანყე მეფე-თავადები – იმპერატორმა კარლმა ზოგი დაამარცხა, ზოგი – შემოირიგა, ზოგი – „იყიდა“, ხოლო მათგან ყველაზე გავლენიანი ჰერცოგი რუდილფ II ბავარიელი (ლუდვიგ ბავარიელის ძმისშვილი) დაიმოყვრა (იმ დროისთვის უკვე დაქვრივებულმა კარლმა მის ქალიშვილზე იქორწინა) და, ამრიგად, დიდი შინაომი თავიდან აიცილა. როდესაც 1354 წელს მან ალპები გადალახა და მილანში ლომბარდიის მეფედ ეკურთხა – ამით, ფაქტობრივად, საღვთო რომის იმპერიის ყველა სამეფო თუ სამთავრო მისი მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა. 1355 წელს რომში საღვთო რომის იმპერატორად კურთხევა, მისი ძალაუფლების უკვე მხოლოდ ფორმალური, თუმცა, როგორც დღეს იტყვიან – „ლეგიტიმაციის თვალსაზრისით“, მეტად მნიშნელოვანი დასტური იყო. რომში ის დიდხანს არ დარჩენილა – თავისი უზარმაზარი იმპერიის სატახტო ქალაქად მან პრაღა აირჩია – ამრიგად, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ პრაღა იმხანად ევროპის დედაქალაქად იქცა.

იმპერატორმა კარლმა პრაღაში მიიწვია საუკეთესო ევროპელი არქიტექტორები (მათ შორის საპატიო ადგილი უკავია ჩეხ პეტრ პარლერჟს) და ქალაქის ისტორიაში უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მშენებლობა გააჩაღა – ქალაქის იმჟამინდელი საზღვრების მიღმა მან, შეიძლება ითქვას, ახალი ქალაქი ააშენა – ეს პრაღის ის ნაწილია, რომელიც დღეს „ნოვო მესტოს“ სახელითაა ცნობილი – „პრაჟსკი ჰრად“ (პრაღის ციხე-სიმაგრე), წმ. ვიტუსის ტაძარი, სახელგანთქმული კარლის (კარლოსის) ხიდი, კარლის მოედანი – ეს ყველა და ბევრი სხვა ულამაზესი და უმნიშნელოვანესი ნაგებობა სწორედ იმპერატორ კარლ IV-ის, იგივე ბოჰემიის (ჩეხეთის) მეფის კარელ I-ის სახელს უკავშირდება. 1348 წელს მისი ბრძანებით დაარსდა კარლის უნივერსიტეტი (აღმოსავლეთ ევროპის უძველესი უნივერსიტეტი).

მან აგრეთვე გაატარა უმნიშვნელობანესი საკანონმდებლო რეფორმა – გამოსცა ე.წ. „ოქროს ბულა“, რომელმაც, დღევანდელი ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, იმპერატორისა და მისი ქვეშევრდომი მეფეებისა და თავადების უფლება-მოვალეობათა გამიჯნვა და გადანაწილება მოახდინა. თითქმის 100 წლის განმავლობაში ეს დოკუმენტი საღვთო რომის იმპერიის – ევროპის დიდი ნაწილის – ფაქტობრივ კონსტიტუციას წარმოადგენდა.
1378 წელს კარლ IV გარდაიცვალა. ის დაკრძალულია წმ. ვიტუსუს საკათედრო ტაძარში.
შარლ IV სკულპტურა

© Lord Vader

კომენტარი (3)

ეს ძეგლი კიდევ აღმართულია კარლოსის (კარლის, ან ჩარლის) ხიდის სათავესთან.

ეს კიდევ (თუ ვინმეს აინტერესებს) საღვთო რომის იმპერიის საზღვრებია შარლ მეოთხის გარდაცვალების დროისთვის http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/3/3b/HRR_14Jh.jpg

saintereso komentarebia,pragis naxvis survili kvlav gamichnda

დაწერეთ კომენტარი

*
To prove you're a person (not a spam script), type the security word shown in the picture. Click on the picture to hear an audio file of the word.
Click to hear an audio file of the anti-spam word