კარელ I – იმპერატორი, რომელსაც პრაღა ძლიერ უყვარდა

Posted by Lord Vader | Posted in სხვადასხვა, ცნობილი პრაღელები | Posted on 14-05-2008

3

შარლ IV იმპერატორი კარლ IV ლუქსემბურგელი (იგივე შარლ IV, იგივე კარელ I, იგივე ვენცესლასი, იგივე ვაცლავი) იყო იმპერატორ იოანე ლუქსემბურგელის, იგივე იოანე ბრმის – ლუქსემბურგის ჰერცოგის, ბოჰემიისა და პოლონეთის მეფის ((თემო ჩირგაძის ცნობილი გმირისა არ იყოს, მომკლავს ეს ორ-ორი კი არა და ხუთ-ხუთი სათაურები…)) უფროსი ვაჟი. დაიბადა პრაღაში 1316 წლის 14 მაისს. შვიდი წლის ასაკიდან იზრდებოდა ბიძამისის, საფრანგეთის მეფის შარლ IV კაპეტინგის კარზე, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა ფილოსოფია, ლიტერატურა, არითმეტიკა, ასტრონომია, ისტორია, საღთო სჯული (მის მასწავლებელთა შორის იყო მომავალი პაპი კლემენტ VI – ამ მოკავშირეობამ მომავალში დიდად შეუწყო ხელი კარლ IV-ის ძალაუფლების განმტკიცებას), ლათინური, ფრანგული და ჩეხური ენების გარდა თავისუფლად ფლობდა ასევე გერმანულს და იტალიურს. ამავე დროს, როგორც ჩანს, მომავალი იმპერატორი არა მხოლოდ სწავლით იყო დაკავებული – პარიზში ის დაუახლოვდა და დაქორწინდა ვალუას ჰერცოგინია ბლანშზე (როგორც ცნობილია, ვალუებმა საფრანგეთის სამეფო ტახტზე კაპეტინგების დინასტია შეცვალეს – ბლანში მეფე ფილიპე VI ვალუას ნახევარდა იყო).

ჯაზი და პრაღა

Posted by Lord Vader | Posted in პრაღის შესახებ, სხვადასხვა | Posted on 06-05-2008

13

ჯაზი პრაღაში პრაღა არ არის მხოლოდ უბადლო ლუდის, ვაჟკაცური ჰოკეისა და ლამაზი ქალების ქალაქი – ის კარგი მუსიკის ქალაქიცაა.

ახლა, ამის გაგონებაზე, ბევრს ეგებ კარელ გოტი და ერთ დროს მოძმე სოციალისტური ბანაკის ჰანგები გაახსენდეს, მაგრამ მე სხვა მუსიკას ვგულისხმობ. თავისუფალ, იდეოლოგიურ ჩარჩოებს დაუმორჩილებელ მუსიკას. მუსიკას, რომელსაც ჯაზი ჰქვია.

პრაღის ჯაზ-ფესტივალი წელს უკვე 32-ედ ჩატარდება. ტრადიციულად ის შემოდგომის მიწურულს – 22-დან 30 ნოემბრის ჩათვლით იმართება. დიუკ ელინგტონი, კაუნტ ბეისი, ოსკარ პიტერსონი, ბენი გუდმენი, სტეფან გრაპელი, ბი ბი კინგი, დეივ ბრუბეკი, ბეტი კარტერი სხვადასხვა დროს სტუმრობდნენ პრაღას.

დოქტორ ფაუსტის სახლი

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in პრაღის შესახებ | Posted on 05-05-2008

0

Faustuv Dum

პრაღა რომ იდუმალებით მოცული ქალაქია, ეს მის არქიტექტურაშიც კარგად ჩანს, განსაკუთრებით  -  საღამოობით. ეს არქიტექტურა ნაყოფია იმ კულტურისა, რომლის გამოც ზოგიერთი პრაღას ”მაგიური ხელოვნების ძველ დედაქალაქსაც” კი უწოდებს. ამ ქალაქში ოდითგანვე თავს იყრიდნენ მეცნიერები, ასტრონომები, არქიტექტორები, მაღალი არისტოკრატია და თავგადასავლების მაძიებელი ავანტიურისტები – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პრაღა წმინდა რომის იმპერიის ოფიციალური დედაქალაქი იყო, ესე იგი,   მთელი კათოლიკური სამყაროს ადმინისტრაციული ცენტრი და იმდროინდელი ხალხისთვის ”დედამიწის ცენტრიც”. ეს იყო იმპერატორ რუდოლფ მეორის მმართველობის წლებში (1588 – 1612). იმ პერიოდის პრაღაში უამრავი უცნაური ამბავი ხდებოდა, რაც  მრავალ ლეგენდას დაედო საფუძვლად.

ანდრეა ჩუნდერლიკოვა – დარინა ”რაჭა ჩემი სიყვარულიდან”

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in ცნობილი პრაღელები | Posted on 18-04-2008

0

Andrea Čunderlíkováლამაზი ქალის დანახვისას ხშირათ ჩაგიღიღინიათ ალბათ ”შენ დაგეძებ დილაა თუ ბინდია”… ჰოდა ამ სიმღერის პირველი ადრესატი ტელეგადაცემა ”7 დღის” ჟურნალისტებს ჩემმა კოლეგამ დავით კაკაბაძემ აპოვნინა.

ანდრეა ჩუნდერლიკოვა (დარინა) პრაღაში ცხოვრობს და ცოტა რამ თუ ახსოვს საქართველოს შესახებ. საქართველოში კი ძველებურად უყვართ ევროპელი გოგონა რომელმაც კინაღამ ნახევარი რაჭის გული გააპო. ”რაჭა ჩემი სიყვარულის” დარინასა და მისი ქართველი თაყვანისმცემლების შესახებ უფრო მეტს ”7 დღის” რეპორტაჟიდან შეიტყობთ.

ბროლის პრაღა

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in პრაღის შესახებ | Posted on 05-04-2008

0

Swarovskyპრაღას ”ოქროსფერ ქალაქს” (ზლატა პრაჰა) ეძახიან, ის მართლაც ოქროსფერია, თუმცა ბროლისაცაა :-) ჩეხური ბროლი სახელგანთქმული იყო მთელს საბჭოთა საქართველოში და არამარტო აქ. ბოჰემიის ბროლი კონკურენციას ჯერ კიდევ მეჩვიდმეტე საუკუნეში უწევდა ვენეციურ შუშას და საუკეთესოდ ითვლებოდა მისი თვისებების გამო. ახლაც ჩეხური ბროლი არანაკლებ პოპულარულია.

ბროლის სხვადასვა ნაკეთობებით სავსეა ისტორიული პრაღის მაღაზიები. ბროლით სავსე მაღაზიების ვიტრინებში არეკლილი სხივები ამ ოქროსფერ ქალაქს კიდევ უფრო მეტ ბრძწყინვალებას ჰმატებს. სუვენირებს, ფერადფერადი ბროლის ყვევილებს, კოშკებს, ძაღლებს, კატებს, გედებს… ქუჩაში გამართულ ბაზრობებზეც უხვად ნახავთ. არ ვიცი ახლა რა ღირს, მაგრამ რასაც მე თვალს ვადევნებ დღითიდრე ძვირდება. ბროლის სუვენირები პირველად 2000 წელს შევიძინე თბილისელი მეგობრების თხოვნით და ერთი პატარა ფისუნია 3-5 დოალრი ღირდა. უკვე 2004 წელს, მას შემდეგ რაც ჩეხეთი ევროკავშირში შევიდა, ბროლის სუვენირები 300 კრონზე (10 ევრო) არსად მინახავს.

ლინდა ვოიტოვა – პრაღელი ლამაზმანი

Posted by Lord Vader | Posted in ცნობილი პრაღელები | Posted on 20-03-2008

5

Linda Vojtovaევროპის ერთ-ერთ უმშვენიერეს ქალაქად პრაღას არა მხოლოდ ულამაზესი არქიტექტურა აქცევს, არამედ მის ქუჩებში მოსეირნე ლამაზი ქალებიც.

შემთხვევითი არაა, რომ მსოფლიოს ყველა კუთხეში კარგად ცნობილ სუპერმოდელთა შორის, ბევრი ჩეხური წარმოშობის ლამაზმანია – ძნელია ისეთი ადამიანის მოძებნა, ვინც არ იცის დანიელა პესტოვას, პეტრა ნემცოვას, ევა ჰერციგოვას, კაროლინა კურკოვას სახელები, თუმცა, ვინაიდან ამათგან არც ერთი არ არის პრაღაში დაბადებული, მინდა ახალგაზრდა, მაგრამ უკვე კარგად ცნობილი მოდელი ლინდა ვოიტოვა (Linda Vojtova) გაგაცნოთ.

პრაღის ჰრადი

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in პრაღის შესახებ | Posted on 05-03-2008

2

პრაღის ჰრადიPražský Hrad – სხვა ენებზე ”ციხესიმაგრეს” ნიშნავს. სავარაუდოდ ის ყველაზე დიდი ციხესიმაგრეა მსოფლიოში და ასევე ყველაზე დიდ ფართობზე გადაშლილი საპრეზიდენტო რეზიდენცია. ადრე ჰრადი ჩეხი მეფეების რეზიდენციას წარმოადგენდა. ის განლაგებულია მდინარე ვლავის მარცხენა სანაპიროზე, შემაღლებულ გორაკზე. ჰრადის ეზოდან ხელის გულზე იშლება მთელი პრაღა. 

ციხესიმაგრის ისტორია სათავეს იღებს 870 წლიდან. მაშინ ჰრადის ადგილას ღვთისმშობლის ტაძარი აღმართეს. ხოლო წმინდა გიორგის და წმინდა ვიტას ტაძრები მეათე საუკუნეში ააგეს. იქვე დაარსდა პირველი მონასტერი ბოჰემიაში.

საკუთრების უფლება ჩეხეთში

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in პრაღის შესახებ, სხვადასხვა | Posted on 18-01-2008

1

კოლოდეის სასახლეახლახანს, პრაღა 9-ის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დედაქალაქის აღმოსავლეთ გარეუბანში მდებარე სასახლე ”კოლოდეი” მისი ყოფილი მესაკუთრის შთამომავალს ვიტეზსლავ კუმპერას დაუბრუნდება.

შენობა და მამულები მის მესაკუთრეს 1948 წელს ჩამოართვეს, ჩეხეთის გაწითლების შემდეგ, ე.წ. ბენეშის დეკრეტების საფუძველზე. ამ სასახლის უკანასკნელი მფლობელი იყო ანტონინ კუმპერა, რომელმაც ”გაკულაკების” შემდეგ ჩეხოსლოვაკია დატოვა და ბრაზილიაში, ემიგრაციაში ცხოვრობდა.

კუმპერას შთამომავალმა დაამტკიცა, რომ ”კოლოდეის” ნაციონალიზაცია უკანონოდ განხორციელდა. მან უკვე პრაღის ცენტრში, სასამართლოს გზით, სახელმწიფოსგან რამდენიმე ობიექტი დაიბრუნა. აღნიშნული სასახლე იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მასში ჩეხეთის მთავრობის სხდომები ტარდება.

ლუდის სამოთხე

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in პრაღის შესახებ, სხვადასხვა | Posted on 14-01-2008

8

ლუდი

დალევდით ლუდს ახლა, -10 გრადუსიან ყინვაში? ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ასეთ ყინვაში ლუდს დავლევდი, მიუხედავად იმისა რომ ლუდის დიდი მოყვარული ვარ. მაგრამ ჩეხური ლუდი ისეთია, თანაც პრაღულ ატმოსფეროში, რომ სიცივეს დაგავიწყებს, ისევე როგორც შუა ზაფხულში სიცხეს.

პრაღა და საერთოდ ჩეხეთი ლუდის ნამდვილი ”სამოთხეა”, პრაღაში ლუდი უფრო იაფი ღირს, ვიდრე ბოთლში ჩამოსხმული წყალი :) ჩეხები თურმე ბავშვების ჩათვლით, წლის მანძილზე საშუალოდ 160 ლიტრ ლუდს მიირთმევენ. პრაღას ბევრი ტურისტი სტუმრობს ლუდის დასაგემოვნებლად, შორეული იაპონიიდანაც კი. რამდენად საოცარიც არ უნდა იყოს, ლუდისთვის, გერმანელებიც კი ჩადიან პრაღაში. მახსენდება ერთი გერმანელი, ”რუსთავი 2”-ის კორესპონდენტის ნათია ბანძელაძის სიუჟეტიდან, რომელიც ამტკიცებდა, რომ ჩეხური ლუდი უფრო კარგია ვიდრე გერმანული. 

პრაღაში ლუდს არამარტო სვამენ, ჭამენ კიდეც :) ლუდით სხვადასხვა კერძები მზადდება, რომელთა რეცეპტების წერით არ შეგაწყენთ, ისე ლუდით გაძღობაც შეიძლება. ჩეხები ირწმუნებიან რომ, მხოლოდ ლუდის სმით დანაყრებას ახერხებენ და ამ მეთოდს ჭარბი წონის შესამცირებლადაც იყენებენ.

”ცხელი შოკოლადი” – სპეც-პროექტი: პრაღა

Posted by Kakha Mchedlidze | Posted in პრაღის შესახებ | Posted on 11-01-2008

1

praga-1

ავტორი: გიორგი გვახარია
ფოტო: დავით მესხი