60 წელი კომუნისტური გადატრიალებიდან

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სიახლეები, სხვადასხვა | თარიღი: 24-02-2008

0

1948 გადატრიალება60 წელი გავიდა ჩეხოსლოვაკიაში მომხდარი კომუნისტური გადატრიალებიდან. ამ თარიღთან დაკავშირებით პრაღაში ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება კომუნიზმის მსხვერპლთა პატივსაცემად. მთავარი შეკრება გაიმართება პრაღის ჰრადში 25 თებერვალს, რომლის ორგანიზატორია პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი და ”პოლიტპატიმრების კონფედერაცია”.

ამ თავყრილობის ანტიპოდად იქცევა დემონსტრაცია ”ხელისუფლების წინააღმდეგ და სოციალიზმის მხარდასაჭერად, მიძღვნილი თებერვლის მოვლენების 60 წლისთავისადმი”. დემონსტრაციის ორგანიზატორია ჩეხეთის კომუნისტური პარტია და ახალგაზრდების კომუნისტური კავშირი.


1948 წლის თებერვლის მოვლენები პოლიტიკური თვალსაზრისით გადატრიალებად ითვლება, რომელის შედეგად ხელისუფლებაში მოვიდნენ კომუნისტები, თუმცა კი ფორმალურად ყველაფერი კონსტიტუციის დაცვით განხორციელდა.

1948 წლის 25 თებერვალს სერიოზულად დაავადებულმა პრეზიდენტმა ედუარდ ბენეშმა 12 არაკომუნისტი მინისტრის გადადგომა დააკმაყოფილა და კომუნისტი პრემიერ-მინისტრის კლემენტ გოტვალდის ზეწოლით ახალი კაბინეტი დაამტკიცა. ეს იყო გადატრიალების ფორმალური მხარე. რეალურად კი კომუნისტებმა მთელი ქვეყნის მაშტაბით მმართველობის პარალელური სტრუქტურების შექმნა დაიწყეს, ჩამოაყალიბეს მილიცია და მასების დიდი ნაწილის გულების მოგება სოციალური კეთილდღეობის დაპირებით შეძლეს.

1948 წლის თებერვლიდან 40 წლის მანძილზე ჩეხეთი საბჭოთა კავშირის ტოტალური გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ამ ხნის მანძილზე ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური ციხეების სიმკაცრე 262 ათასმა პოლიტპატიმარმა იწვნია. დაკავებების დროს და შრომით ბანაკებში 300 ათასი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ანტიკომუნისტური საქმიანობისთვის სიკვდილით იქნა დასჯილი 241 ადამიანი. 50-იან წლებში ჩეხოსლოვაკია პოლიტპატიმრებისტვის 400 ციხეს და შრომით ბანაკს ითვლიდა.

ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტების მმართველობა 1989 წლის ნოემბერში ”ხავერდოვანი რევოლუციის” შედეგად დასრულდა.

დაწერეთ კომენტარი

*
To prove you're a person (not a spam script), type the security word shown in the picture. Click on the picture to hear an audio file of the word.
Click to hear an audio file of the anti-spam word