ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია

ავტორი: mamuka | თემა: სხვადასხვა | თარიღი: 09-05-2007

3

krystof.jpg2007 წლის 2-8 მაისს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ოფიციალური ვიზიტით ეწვია ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი, უნეტარესი ქრისტეფორე (პულეცი).

ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია (1992 წლამდე ჩეხოსლოვაკიის მართლმადიდებელი ეკლესია) რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას 1951 წელს გამოეყო და ავტოკეფალია მოიპოვა. ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია 4 ეპარქიას აერთიანებს. ეპარქიები 166 სამრევლოსა და 184 ეკლესია-მონასტერს მოიცავს.

უნეტარესი ქრისტეფორეს ინრონიზაცია შედგა გასული წლის 29 მაისს.

მიტროპოლიტი ქრისტეფორე დაიბადა 1953 წელს პრაღაში. 1974 წელს მას ხელი დაასხეს დიაკვნად, იმავე წელს მღვდლად აკურთხეს. საღვთისმეტყველო განათლება მიიღო პრეშოვის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე (1979), მოსკოვის სასულიერო აკადემიასა (1984) და ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე (1987). 1985 წელს იგი ბერად აღკვეცეს. 1987 წელს მიიღო არქიმანდრიტის წოდება და მსახურებისთვის დაინიშნა პრაღის წმინდა კირილესა და მეთოდეს სახ. საკათედრო ტაძარში. 1988 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდელმთავრად და დაინიშნა ოლომოუცო-ბრნენის ეპისკოპოსად. 2000 წელს არჩეულ იქნა პრაღისა და ჩეხეთის მთავარეპისკოპოსად. 2006 წლის 2 მაისს ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ სხდომაზე აირჩიეს ეკლესიის წინამძღვრად.

მიტროპოლიტ ქრისტეფორეს აქვს ღვთისმეტყველებისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხები. თავისუფლად ფლობს რუსულ, ბერძნულ, გერმანულ და ინგლისურ ენებს.

საქართველოში ვიზიტის პერიოდში უნეტარესი ქრისტეფორე შეხვდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, მოინახულა მცხეთა-თბილისის ტაძრები და მონასტრები, მოილოცა ბოდბეს, გრემი, ალავერდი, დავითგარეჯა, მოინახულა ხელოვნების მუზეუმი, ეწვია ხელნაწერთა ინსტიტუტს. გიორგობის დღესასწაულზე შესრულდა ორი ეკლესიის წინამძღოლის – სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია II-ისა და ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტ ქრისტეფორეს ერთობლივი ღვთისმსახურება. 5 მაისს, საზეიმო ლოცვა შესრულდა ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, ხოლო 6 მაისს საზეიმო წირვა – ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში.

—–

დასრულდა ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტის, უნეტარესი ქრისტეფორეს ვიზიტი საქართველოში

გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა-ლოცვა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიის მიტროპოლიტთან, უნეტარეს ქრისტეფორესთან ერთად აღასრულა. ერთობლივი საზეიმო ლოცვა ქაშვეთის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში შესრულდა, ხოლო საღმრთო ლიტურგია – ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში.

სადღესასწაულო წირვის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ჩეხი და სლოვაკი სტუმრები საპატრიარქოს რეზიდენციაში საზეიმო ტრაპეზზე მიიწვია.

7 მაისს ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ მცხეთის ტაძრები მოილოცა. სტუმრები ეწვივნენ სამთავროს დედათა მონასტერს, ჯვარს და სვეტიცხოველს.

8 მაისს ღამით ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიის დელეგაცია სამშობლოში დაბრუნდა.

http://www.orthodoxy.ge/info/2007-05-12.htm

კომენტარი (3)

ეს ინფორმაცია უახლოესი წარსულიდანაა, მაგრამ, ვფიქრობ საინტერესოა იმ ქართველი მართლმადიდებლებისათვის, ვინც ჩეხეთსა თუ სლოვაკეთში იმყოფება.

აქვე იმასაც დავამატებ, რომ ჩეხეთის მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეშობას, ჩვენგან განსხვავებით, 25 დეკემბერს აღნიშნავს.

ჩეხეთში მოქმედი რესტიტუციის კანონის საფუძველზე ჩეხოსლოვაკიის მართლმადიდებელი ეკლესია კომუნისტების მოსვლამდე, ფაშისტების მმართველობის დროს ჩამორთმეული ქონების კომპენსაციის მიზნით 3 მილიარდ ევროს მიიღებს.

დაწერეთ კომენტარი

*
To prove you're a person (not a spam script), type the security word shown in the picture. Click on the picture to hear an audio file of the word.
Click to hear an audio file of the anti-spam word