პრაღის ძაღლური ცხოვრება
ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: პრაღის შესახებ | თარიღი: 16-01-2010
1
არ დაეძებენ ამინდს მზიანს და
არ დაეძებენ ამინდს წვიმიანს,
ასეირნებენ ძაღლებს ჩეხები,
სიკვდილის კართან ერთად მიდიან.
ხან ძაღლი კოჭლობს, ხანაც – პატრონი,
ვინ ვის გაასწრებს ფუჭი ფიქრია.
ლაბადის მსგავსი აცვია ნაგაზს,
ნაქსოვი ჩაჩი ხურავს ფინიას.
Pánbůh-ი ცოტას კიდევ მოიცდის
უნდა აწმინდონ რაც ძაღლს უქნია!
ეკლესიასტე გვასწავლის, ცოცხალი ძაღლი სჯობს მკვდარ ლომსო. პრაღელებმა, როგორც ჩანს, ძველი აღთქმის ეს სიბრძნე კიდევ უფრო გააღრმავეს: ქალაქის ქუჩებში იმდენი ძაღლი დადის, რომ აშკარაა, აქ ცოცხალი ძაღლი ცოცხალ ლომსაც ურჩევნიათ!
ალბათ, გახსოვთ, რას საქმიანობდა ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი მას შემდეგ, რაც სამედიცინო კომისიამ იდიოტად ცნო და სამხედრო სამსახურიდან დაითხოვა. რასაკვირველია, ძაღლებით ვაჭრობდა! მუშტარი არ აკლდა, შესაბამისად, ზოგიერთს წმინდა სისხლისას სთავაზობდა, ზოგიერთს კი იმას… ქუჩიდან…
ჰაშეკის დროს შესაძლოა მართლაც იყვნენ ქუჩის, მაწანწალა ძაღლები, მაგრამ დღეს პრაღის ქუჩებში სულ სხვა ვითარებაა. ქალაქი სავსეა მოვლილი და ჩაცმული ძაღლებით, რომლებიც ადამიანებთან ერთად მიაბიჯებენ და, თუ ფსიქოლოგებს დავუჯერებთ, ბევრს სიცოცხლესაც უხანგრძლივებენ.
პრაღელებისთვის ბევრი ძაღლი, ბევრი დადებითი ემოციაა, რომლის დამალვასაც არავინ ცდილობს. საოცარი ფერიცვალების მოწმე გახდებით, როცა ტრანსპორტში ან სადმე დახურულ სივრცეში პრაღელი ოთხფეხა მეგობართან ერთად შეაბიჯებს. ერთი შეხედვით ცივი ჩეხები ღიმილად იღვრებიან და იბმება გულითადი საუბარი ძაღლის პატრონთან…
…მაგრამ, როგორც იტყვიან, Rien n`est parfait . ძაღლისა და ადამიანის ამ იდილიურ ურთიერთობასაც აქვს ხინჯი. პრაღის ლამაზი და მყუდრო ქუჩები სავსეა ამ საყვარელი არსებების ექსკრემენტებით… დასდევენ პრაღელები ოთხფეხა მეგობრებს ქაღალდის მუქთა პაკეტებით, მაგარამ ვერ აუდიან. სიფრთხილე მართებთ ორი-სამი დღით ჩამოსულ ტურისტებს, რომელთა მზერა, როგორც წესი, შენობათა წამახული წვერებისკენ არის მიმართული და თავს გაუმართლებელ განსაცდელში იგდებენ. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ზაფხულში, როცა მაღალი ტემპერატურის გამო ძაღლებიც უფრო მეტ დროს ატარებენ ქუჩაში და ექსკრემენტებიც უფრო… ნუ, აღარ გავაგრძელებ, ისედაც ყველაფერი ნათელია…
პრაღაში შეხვდებით მაწანწალა, უსახლკარო ადამიანებს, მაგრამ ვერ ნახავთ მაწანწალა, გაქუცულ ძაღლებს. დაკარგულ ან უპატრონოდ დარჩენილს სპეციალური „ცხელი ხაზით“ გამოძახებული სამსახური მოაკითხავს და მოათავსებს თავშესაფარში, რომელსაც ჩეხები utulek psi-ს ეძახიან. თავშესაფარში შეამოწმებენ, ხომ არ აქვს ძაღლს ჩიპი ან ტატუ, რომლითაც მისი პატრონის ვინაობის დადგენა შეიძლება. ძაღლის მონაცემებს (ფოტოსთან ერთად) პრაღის პოლიციის ვებ-საიტზეც დადებენ, თუ ყველა ცდა უშედეგოდ დასრულდება, დატოვებენ თავშესაფარში, რომელიც ქალაქის მუნიციპალიტეტის კმაყოფაზეა, თუმცა არსებობს კერძო თავშესაფრებიც.
პრაღის ქუჩაში გასული უმალ მიხვდებით, რომ ძაღლი საზოგადოების სრულფასოვნი წევრია და, რომ ძაღლის ცხოვრება სულაც არაა „ძაღლური“. ძაღლის ბედი გვაქვსო, პრაღელმა ძაღლებმა უნდა თქვან… თქვან რა, გაიფიქრონ, ლაპარაკით ჯერ ვერ ლაპარაკობენ…
ავტორი: ჯიმშერ რეხვიაშვილი
ბევრი ვიცინე ლექსზე, მართლაც რომ ეგეთი სიტუაციია