პრაღის შემოგარენი – კონოპიშტე და კარლშტაინი

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: სხვადასხვა | თარიღი: 19-02-2010

0


კონოპიშტე. სასახლე სავსეა იარაღითა და ნანადირევის ფიტულებით, რქებითა და ეშვებით. ნადირობის ჟინით შეპყრობილმა სასახლის პატორონმა პრინცმა ფრანც ფერდინანდმა, ვიდრე სარაევოში ტერიტორისტის ტყვია დაეწეოდა, 30 თასამდე სულიერის დახოცვა მოასწრო…

კონოპიშტე პატარა ქალაქ ბენეშოვის მახლობლად მდებარეობს. სწორედ ამ სასახლისა და მისი მფლობელის შესახებ საუბრით იწყებს იაროსლავ ჰაშეკი შვეიკის თავგადასავალს: მოკლესო, ესე იგი, ჩვენი ფერდინანდიო, ამბობს მოსამსახურე ქალი. რომელი ფერდინანდიო, კითხულობს შვეიკი, ერცჰერცოგი ფერდინადი, ბატონო, ის, რომელიც კონოპიშტეში ცხოვრობდა, მსუქანიც რო იყო და ღვთისმოშიშიცო…
სიმსუქნისა და ღვთისმოსაობის გარდა ფრანც ფერდინანდს სხვა უცნაურობებიც სჭირდა. ჯერ იყო და არამეფური გვარის ჩეხ დიდგვაროვან ქალზე იქორწინა, მერე კი მომავალი მონარქისათვის შეუფერებელი ლიბერალური პოზიცია დაიკავა იმპერიაში შემავალი ერების თვითგამორკვევის უფლებასთან მიმართებაში… მართალია, ფრანც ფერდინანდმა სიცოცხლეში ვერ მოასწრო სამყაროს შეცვლა, მაგრამ მსოფლიოსთვის საბედისწერო აღმოჩნდა მისი სიკვდილი. 1914 წელს სერბი ტერორისტის გასროლას, რამდენიმე წუთის ინტერვალით, ჯერ ფრანც ფერდინადის ფეხმძიმე მეუღლე, შემდეგ თავად ერცჰერცოგი და ბოლოს მსოფლიო წესრიგი ემსხვერალა…
კონოპიშტე 13-14 საუკუნეებში, ფრანგული არქიტექტურის მიბაძვითაა აშენებული. მიგვიანებით კი, არაერთხელ განხორციელებული რეკონსტრუქციის შედეგად, რენესანსისა და ბაროკოს სტილის ელემენტებიც შეემატა. 1921 წლიდან კონოპიშტე სახელმწიფოს საკუთრებაა, არა და, თავის დროზე ფრანც ფერდინანდმა მასში 2 მილიონი ოქრო გადაიხადა …

ამ ავინიდან მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელი ოფიცრები იყურებოდნენ. კონოპიშტეში გესტაპოს (Geheime Staatspolizei) სახელით ცნობილმა სახელმწიფო პოლიტიკური პოლიციის სამმართველომ დაიდო ბინა.

კონოპიშტე პრაღიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 50 კილიმეტრში მდებერობს. დაახლოებით ამდენივე მანძილია (ოღონდ სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით) კარლშტაინამდე – გოთიკურ ციხემდე, რომელიც კარლოს მეოთხემ 14-ე საუკუნეში ააგო და, სადაც დიდი ხნის განმავლობაში იმპერატორის რეგალიები და წმინდა რელიკვიები ინახებოდა.

კარლოსმა ხიდისა და უნივერსიტეტის გარდა ციხე-ქალაქიც დაუტოვა ჩეხებს

კარლშტაინი მდინარე ბეროუნკას ლამაზ ხეობაში კლდეზეა აშენებული. ჩეხები ამ კლდეს „დრაკონის კლდეს“ უძახიან. კლდის ქიმზე, როგორც უკვე ვთქვი, კარლშტაინია, ძირში კი – რა მიხვედრა უნდა – რესტორანი :)

ციხეც და რესტორანიც იოლად დავლაშქრეთ. კლდის სიმაღლე 100-მდე მეტრი თუ იქნება და ბილიკით მის დაძლევას, სულ რაღაც 15-20 წუთიც არ უნდა, რესტორანში კი პრაღასთან შედარებით სასაცილო ფასებია.

გაოცებას იწვევს ამ პატარა და მყუდრო რესტორნის მენიუს მრავალფეროვნება. კაცი იფიქრებს რესტორანს გარეული ფრინველისა და ცხოველების (ირმის, ტახისა და შვლის) ხორცით თვით ნადირობაზე შეშლილი ფრანც ფერდინანდი ამარაგებსო. საერთოდაც, რესტორნის მყუდრო დარბაზი გაჟღენთილია ნადირობის ჟინითა თუ სულისკვეთებით: ბუხარში გიზგიზებს ცეცხლი, კედლები კი ნანადირევის რქებითა და სხვადასხვა სახის იარაღითაა დაფარული…

ავტორი: ჯიმშერ რეხვიაშვილი

დაწერეთ კომენტარი

*
To prove you're a person (not a spam script), type the security word shown in the picture. Click on the picture to hear an audio file of the word.
Click to hear an audio file of the anti-spam word