ვაცლავ ჰაველი ბლუმბერგს რუსეთის ენერგოშანტაჟზე ესაუბრა
ავტორი: Lord Vader | თემა: სიახლეები, ცნობილი პრაღელები | თარიღი: 17-06-2009
3
დღეს “ბლუმბერგი” ჩეხეთის ყოფილ პრეზიდენტთან, მწერალ და დისიდენტ ვაცლავ ჰაველთან საუბარს აქვეყნებს.
საუბარი ძირითადად რუსეთის “ევროპული” და “სამეზობლო” და ევროპისა და აშშ-ს “რუსული” პოლიტიკის ირგვლივ წარიმართა.
ჰაველის აზრით, დროა ევროპამ და აშშ-მა ქმედითი ნაბიჯები გადადგან რუსეთის ენერგო-დამოკიდებულების შემცირებისკენ, რისთვისაც ალტერნატიული პროექტების განხორციელებაა საჭირო. ამგვარ პროექტთაგან უმნიშვნელოვანესად ჩეხეთის ექს-პრეზიდენტი “ნაბუკოს” მიიჩნევს.
“აუცილებელია ზრდილობიანად, მეგობრული ღიმილით განვაცხადოთ, რომ ჩვენ თავისუფალი ხალხები ვართ, – ამბობს ჰაველი, – ჩვენით მანიპულირების და შანტაჟის უფლებას არ მოგცემთ, ხოლო თუ თქვენ [რუსეთი] გვემუქრებით, რომ გაზის მოწოდებას შეგვიწყვეტთ, კი ბატონო – შეგიძლიათ, თქვენთვის დაიტოვოთ”.
სხვათა შორის, დაახლოებით 1 წლის წინ, 2008 წლის ივლისში, რუსეთმა ჩეხეთს მოულოდნელად, გაფრთხილების გარეშე თითქმის ორჯერ შეუმცირა ნავთობის მიწოდება. თუმცა რუსულმა “ტრანსნეფტმა” ეს შეფერხება “ტექნიკური პრობლემებით” ახსნა, მაგრამ ეს “ტექნიკური პრობლემები”, რაღაც ეშმაკებით, მაინცადამაინც აშშ-სა და ჩეხეთს შორის ანტისარაკეტო თავდაცვის დარგში თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერას დაემთხვა.
ნავთობის მიწოდების მაშინდელმა შემცირებამ ჩეხეთს განსაკუთრებული პრობლემები ვერ შეუქმნა – საქმე ისაა, რომ ჯერ კიდევ გასული საუკუნის მიწურულს, რუსეთისგან პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვების კვალად, ჩეხეთის სახელმწიფომ რუსეთისგან ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მოპოვებისთვისაც იზრუნა – 90-იანებში აგებულმა ნავთობსადენმა “IKL”-მ ჩეხეთი გერმანიას დაუკავშირა. რუსეთიდან ნავთობის მიწოდების შემცირებისთანავე, ეს ალტერნატიული ნავთობსადენი ამოქმედდა.
„იმ დროს ბევრი კითხულობდა, თუ რა საჭირო იყო მეორე ნავთებსადენი, – განუცხადა ჩეხეთის სახელმწიფო ენერგოკომპანიის წარმომადგენელმა ლიბორ ლუკაშეკმა „ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბიუნს“, – მაგრამ დღეს ყველანი ვხედავთ მის ნამდვილ ფასს“.
“რუსეთს სურს, რომ ცენტრალური ევროპის ქვეყნები მისი გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. რუსეთმა უნდა გადაწყვიტოს – გაწევრიანდებიან თუ არა ეს ქვეყნები ნატოსა და ევროკავშირში. მათ სურს, ყველაფერზე ნებართვას მათგან ვიღებდეთ, – უთხრა ვაცლავ ჰაველმა ბლუმბერგს”.
ჰაველის განცხადებით, რუსეთის პოლიტიკა კვლავ მეზობელი ქვეყნების დამორჩილების იდეით ცხოვრობს.
ჰაველმა ისაუბრა იმ ვითარებაზე, რომელშიც საქართველო და უკრაინა იმყოფებიან და გაიხსენა ბრეჟნევისდროინდელი რუსეთის სამხედრო აგრესია ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ.
ჰაველი ასევე საუბრობს იმ ე.წ. “რეალპოლიტიკოსთა” ნააზრევზე, რომ ბოროტების არა-პროვოცირება საუკეთესო პოლიტიკაა. ჰაველის აზრით, “შეცდომაა კომპრომისის პოლიტიკა და ის აზრი, რომ თუკი ბოროტი ძალების პროვოცირებას არ მოვახდენთ, ისინი თავისით გაქრებიან. პირიქით, ასე მათ მხოლოდ გავაძლიერებთ”, -ამბობს ჰაველი.
ჰაველს სჯერა, რომ დასავლეთ ევროპა და აშშ უფლებას არ მისცემენ რუსეთს, რომ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე კვლავ გაბატონდეს.
მისი აზრით, რუსეთის მეზობელ ქვეყნებს აღარ სურთ რუსეთის გავლენის სფეროში დარჩენა.
Reject Russia’s Energy ‘Blackmail’, Vaclav Havel Urges Europe
ჰაველს სჯერა, რომ დასავლეთ ევროპა და აშშ უფლებას არ მისცემენ რუსეთს, რომ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე კვლავ გაბატონდეს.
მარტო პაველი სამწუხაროდ არ ყოფნის ამ საქმეს, ერთი–ორი პანგიმუნი და რუსეთი თავიდან აშენდება.
ეს კომენტარია თუ სასტუმროს რეკლამა?
ყოველთვის დიდი სიმპატიით ვიყავი ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტისადმი განწყობილი.. რაღაცნაირი, მუდმივად მშვიდობიანი და მეგობრულღიმილიანი პოლიტიკის მომხრე იყო და ეხლაც არის პრინციპში. არანაირი აგრესია და ძალმომრეობა.. ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა იმისა, ტთუ რატომა ჩეხეთი ისეთი, როგორიც არის.
სტანისლავ გროფთან მეგობრობის კვალიც ჩანს