ბჟევნოვის მონასტერი – არა მხოლოდ სულიერი საზრდოსთვის

ავტორი: Kakha Mchedlidze | თემა: გასეირნება პრაღაში, პრაღის შესახებ | თარიღი: 24-01-2010

2

маси
ბჟევნოვის მონასტერი – პრაღის სულიერი და მატერიალური კულტურის მოქმედი ძეგლი

ბენედიქტელთა ორდენისათვის უცხო არასოდეს ყოფილა ინტელექტუალური და ფიზიკური შრომა, ვაჭრობა, საავადმყოფოებისა და სასტუმროების გამართვა, – ყველაფერი ეს შენარჩუნებულია 21-ე საუკუნეშიც, თუმცა დროების შესაბამისად მნიშვნელოვნადაა გაზრდილი კომერციული შემადგენელი.

ორდენის მთავარი დევიზის – ORA ET LABORA-ს (“ილოცე და იშრომე”)-ს ზედმიწევნით დამცველი წმინდა ძმები ბჟევნოვის მონასტერში მისულ სტუმრებს სულიერის გარდა, საკუთარი შრომით შექმნილ მატერიალურ საზრდოსაც სთავაზობენ.

ბჟევნოვის მონასტრში მამაო ჩვენო შეიძლება არ წარმოოთქვა, მაგრამ „პური არსობისა“ მაინც აუცილებლად მოგეცემა. პურს, რომელშიც სოკოსა და ნაღების წვნიანი ასხია, იქვე მონასტერში აცხობენ. ქერქი გაჟღენთიალია რძისფერი, ბლანტი სითხით და ერთდროულად ჭურჭლის როლსაც ასრულებს და კერძის ნაწილისაც.

პურის გამოცხობისა არ იყოს, ასევე ბენედიქტელი ბერები ხარშავენ ორი სახეობის, ღია და მუქი ფერის საფირმო ლუდ „კლაშტერს“, რომელიც, როგორც წესი, 11%-ია და ერთი კათხა 30 კრონამდე (დაახლოებით 1,5 $) ღირს, რაც ლუდის ხარისხის გათვალისწინებით, ძვირი სულაც არაა.

ცნობილი ამბავია, რომ კერძებთან ერთად ტურისტი მადიანად შეექცევა მასპინძელი ქვეყნის კულტურასა და ისტორიას, დადებით ემოციასთან ერთად იღებს ცოდნას, რაც კვების სასიამოვნო პროცესს უფრო მეტად აზრიანსა და სასარგებლოს ხდის.

შესაბამისად, მარკეტინგის თვალსაზრისით, რესტორანი, რომლის საქმიანობა (ანდა სულაც კერძების დასახელება) რამენაირად გადახლართულია ქვეყნის სულიერ თუ მატერიალურ კულტურასთან, კონკურენტებთან შედარებით მომგებიან პირობებში იმყოფება. ისტორია (ამბავი) ხომ სწორედ ის საკმაზია, რომელიც ნებისმიერ კერძს გამოარჩევს სხვებისგან. აბა, სად სუპერმარკეტში ნაყიდი და სად IX საუკუნეში აშენებული მონასტრის ღუმელში, ბენედიქტელი ბერების მიერ გამოცხობილი პური? თანაც, ტურისტი რა ტურისტია, თუ შთაბეჭდილებებს არ აგროვებს და ამ შთაბეჭდილებებს მოგვიანებით არავის უზიარებს? პირველ ამბავში მოსაყოლი არაფერია, მეორეში კი – იცოცხლე!..

ძირითად კერძებში ხორცეული სჭარბობს. ერთგვარ საფრმო კერძად ითვლება Kopí sv. Jiří pečený ანუ წმინდა გიორგის (ჩეხებისთვის ირჟის) მახვილზე შემწვარი სხვადასხვა სახის ხორცი და ბოსტნეული, უგემრიელესი კერძი, რომლის გემო თუნდაც იმის გამო არ დაგავიწყდებათ, რომ შამფურად ძლევამოსილი წმინდანის შუბის წვერია გამოყენებული…

საფირმო კერძად ითვლება Návrat sestry Aquinely-ც , ანუ „და აკვინელას დაბრუნება“. ესაა ორაგული ჩილით, ქუნჯუტის (sesamum indikum) მარცვლებითა და სალათის ფურცლებით. კერძი, რომელიც „სეზამ გაიღეს“ დაძახების გარეშეც ახდენს სასწაულებს.

„და აკვინელა“ მენიუდან ორიოდე წლის წინ ამოიღეს და ეს ამბავი, სავარაუდოდ, უკავშირდება მონაზონ აკვინელას (ლუდმილა ლოსკოტოვას, ერთგვარ ჩეხ დედა ტერეზას) გარდაცვალებას, თუმცა იმის გამო, რომ რესტორნის სტუმრებმა კერძი ვერაფრით დაივიწყეს, მოწყალე ბერებმა, მცირე ყოყმანის შემდეგ, „აკვინელა“ კვლავ დააბრუნეს მენიუში, ოღონდ ოდნავ შეცვლილი სახელწოდებით: „და აკვინელა“ და „და აკვინელას დაბრუნება“ ერთი კერძის ორი სახელია.

ძალიან გემრიელია ღორის ორიგინალურად დაბასტურმებული და შემწვარი ნეკნები, რომელსაც ხის დაფაზე დახვავებულს მოგართმევენ, თუმცა არაფერი შეედრება ღორის უზარმაზარ (1 კგ-იან) კანჭს, რომელიც, თუ გარგანტუასი არაფერი გცხიათ, კისერს მოგატეხინებთ. ღუმელში შემწვარი კანჭის ოქროსფერი კანი თხელი, კვრიხინა და წვნიანია, სიღრმეში კი ხორცი იმდენად კარგადაა შემწვარ-ჩათუთქული, რომ მნიშვნელოვანი ძალისხმევის გარეშე სცილდება ძვალს. კანჭს თან ახლავს რამდენიმე (მათ შორის პირშუშხას) საწაბელი და ერთგვარი გარნირი, რომელშიც მწნილეულის ასორტი სჭარბობს.

დიდებული კანჭი!


დიდების ნაშთიღა

დესერტად უნდა მოითხოვოთ კენკრის თბილ სოუსში მოცურავე ვანილის ნაყინის ორი მოზრდილი გუნდა. ესაა ცივისა და ცხელის, ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი ელემენტების მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის ყველაზე მშვენიერი დასასრული, რომელსაც თან ახლავს ემოციების ფოიერვერკი: აღფრთოვანება, ნეტარება, გაოცება, სიხარული… – მოკლედ, ყველაფერი, იმედგაცრუების გარდა! თუმცა სულ ბოლოს, როცა დესერტიც ილევა და მოსმული კოვზი თეფშის ფსკერზე თეთრ ნაკაწრებს ტოვებს, ამჩნევთ, როგორ თანდათანობით კარგავს სამყარო მრავალფეროვნებას, როგორ ცვლის ხმაურიან მეჯლისს სადაგი დღე, ვნებას – გულგრილობა… საოცრად დაღლილი და კმაყოფილი ხართ, ყველა სურვილი მიძინებულია ერთის გარდა: გინდა გულწრფელი მადლობა გადაუხადო ბენედიქტელ ბერებს – ადამიანებს, რომლებიც არ ჰკარგავენ არც რწმენას, არც ტრადიციას და ღვთის სადიდებლად და ადამიანის გასახარად 21-ე საუკუნეშიც შრომობენ და ლოცულობენ…


მონასტრის წინამძღვარი და მე: სტუმარ-მასპინძლობა ყოველგვარი გართულების გარეშე

ავტორი: ჯიმშერ რეხვიაშვილი

Share and Enjoy:
  • Digg
  • Sphinn
  • del.icio.us
  • Facebook
  • Mixx
  • Google Bookmarks

კომენტარი (2)

დაწერეთ კომენტარი

*
To prove you're a person (not a spam script), type the security word shown in the picture. Click on the picture to hear an audio file of the word.
Click to hear an audio file of the anti-spam word